ახალი ამბები

“ბარიერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ” – დეპუტატი აბორტზე ცვლილებებს აკრიტიკებს

14 ნოემბერი, 2023 • 1361
“ბარიერები ქალთა უფლებების წინააღმდეგ” – დეპუტატი აბორტზე ცვლილებებს აკრიტიკებს

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებებს აკრიტიკებს. უფრო კონკრეტულად, სამნიძე შეეხო აბორტის გაკეთებამდე ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლის ვალდებულებას. მისი შეფასებით, ეს არის ქალის რეპროდუქციულ უფლებებში ჩარევა, რომელიც დამატებით ბარიერებს შექმნის.

“ამ პარლამენტში არ გაგიკვირდებათ, როდესაც ქალების წინააღმდეგ უამრავი განცხადება კეთდება, თავდასხმა. ახლა უკვე რეპროდუქციულ უფლებებში ჩარევა დაიწყო. ქალის რეპროდუქციის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და არა ბარიერების აღმართვით კიდევ უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ ქალებს და ახალგაზრდა გოგონებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამბობს, რომ ამგვარი ბარიერები ქალების და ახალგაზრდა გოგონების რეპროდუქციულ უფლებებში ქმნის პრობლემებს”, – განაცხადა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის შეფასებით, ეს ცვლილებები გაზრდის აბორტის, როგორც სამედიცინო სერვისის ღირებულებას. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს არათუ შეამცირებს აბორტების რაოდენობას, არამედ პირიქით – გაზრდის არალეგალური აბორტების რიცხვს.

სამნიძე მიიჩნევს იმას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილებები მოულოდნელად, რეპროდუქციული ჯანდაცვის სფეორში მომუშავე პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე დაამტკიცა. სამნიძეს აინტერესებს, რის საფუძველზე გადაწყვიტა სამინისტრომ ამ ცვლილებების მიღება.

“რის საფუძველზე გადაწყვიტა ეს მინისტრმა, რა ანალიზს ეყრდნობა? რა სტატისტიკას ეყრდნობა? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამასთან დაკავშირებით არც კონსულტაციები ყოფილა, არც სტატისტიკა არის წარმოდგენილი. ჟურნალისტებმა მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და იქიდან განცხადებები ჩვენ არ მოგვისმენია – რა არის კონკრეტული საფუძველი იმისთვის, რომ ახალი ბარიერები შეიქმნა რეპროდუქციულ უფლებებში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეპროდუქციული უფლებების გაუმჯობესება და ამაში შედის არა ბარიერები, არამედ განათლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, სკოლაში სექსუალური განათლება, რაზეც წინააღმდეგობა, მრავალი წელია, ხვდებათ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებზე”, – განაცხადა სამნიძემ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი