ახალი ამბები

პარლამენტმა კრემაციის შესახებ კანონპროექტი განიხილა

20 ნოემბერი, 2023 • 2075
პარლამენტმა კრემაციის შესახებ კანონპროექტი განიხილა

„არჩევანის თავისუფლება, განვკარგოთ საკუთარი სხეული სიკვდილის შემდეგაც” – ასე ხსნის დეპუტატი ხათუნა სამნიძე მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს კრემაციის რეგულირების შესახებ. კანონპროექტი დღეს, 20 ნოემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს.

კრემაცია საქართველოში აკრძალული არ არის. უფრო მეტიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახური კრემაციას ეკონომიკური საქმიანობის სახედაც განსაზღვრავს. თუმცა, არ არის რეგულირებული – არ არსებობს პროტოკოლი, რომელიც მასზე ლიცენზიას გასცემს.

სამნიძის კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებას “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში. ინიციატივის მიხედვით კანონში უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც “ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა”.

ხათუნა სამნიძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა საკითხს თემატური მომხსენებლის ფორმატში. კომიტეტზე მან წარადგინა 50-გვერდიანი ანგარიში საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატი განმარტავს, მან საკითხი ორი მიმართულებით შეისწავლა:

“ერთი იყო ეკონომიკური განზომილება, ანუ ბიზნესისთვის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ეს საკითხი [მსურველთა] სტატისტიკის გათვალისწინებით. როგორია საერთაშორისო გამოცდილება – რა დრო დასჭირდება ბიზნესს იმისთვის, რომ ეს სერვისი გაჩნდეს ქვეყანაში. მეორე მხრივ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს არჩევანის თავისუფლება”, – განმარტავს დეპუტატი.

კანონპროექტი არ გულისხმობს, რომ კრემაცია გახდება სავალდებულო – სამნიძის განმარტებით, ეს, უბრალოდ, არჩევანის საშუალებას მისცემს ადამიანებს.

დეპუტატის განმარტებით, ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე წლის წინ, გარდაცვალებამდე დედამ დაუბარა, რომ მისთვის კრემაცია ჩაეტარებინათ. დეპუტატს დედის სურვილის შესასრულებლად მისი ნეშტის სხვა ქვეყანაში გადასვენება, კრემაციის იქ ჩატარება და უკან დაბრუნება მოუწია.

“ეს სერვისი არ გვაქვს საქართველოში, ამიტომ მოგვიწია სხვა გზით ამ საკითხის გადაჭრა. მე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე, დაიწერა სოციალურ ქსელში და ამის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ დაინტერესებული არიან ამ საკითხით და სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში ეს სერვისი არსებობდეს”, – ამბობს დეპუტატი.

ხათუნა სამნიძე განმარტავს, რომ საქართველოში არსებობს გარდაცვლილის ნეშტის სხვა ქვეყანაში გადასვენების პრაქტიკა კრემაციისთვის. დოკუმენტში, რომელიც მან კომიტეტს წარუდგინა, ვკითხულობთ, რომ კრემაციისთვის საქართველოდან ნეშტის გადასვენება ძირითადად რუსეთში ან უკრაინაში ხდებოდა, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს რამდენიმე ათასი დოლარი უჯდებოდათ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ეს შესაძლებლობაც გაქრა.

თემატური მოკვლევის ფარგლებში, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა მოსახლეობის გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფების ჩატარება. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 6% კრემაციას ჩაიტარებდა, ეს სერვისი საქართველოში ხელმისაწვდომი რომ იყოს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. გაცილებით მეტია იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავად არ ჩაიტარებდნენ კრემაციას, თუმცა მხარს უჭერენ იდეას, რომ ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არსებობდეს.

ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ სერვისის დანერგვა “მომავლის საკითხია” და მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუმცა მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის დახვეწა მნიშვნელოვანი წინ გადადგმულიო ნაბიჯი იქნება, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.

“არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ რაც ერთ კანონში წერია, დარეგულირდება მეორე კანონითაც – ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათალში არის ეს საკითხი და ლიცენზიებით დავარეგულირებთ. ამის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლება დაიწყებს თუ არა ამაზე მუშაობას, ეგ უკვე ხელისუფლებაში მყოფი ძალის გადასაწყვეტია”, – განმარტავს სამნიძე.

სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სამნიძეს შესთავაზა, საკითხზე კენჭისყრა გადაედოთ. სონღულაშვილის შეფასებით, კრემაცია მგრძნობიარე თემაა და გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს.

“კრემაცია არ არის ჩვენი კულტურის ნაწილი. საჭიროა მეტი სამუშაოების ჩატარება, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლების კუთხით, მეორე – მომზადდეს საკითხი უფრო მეტად”, – თქვა სონღულაშვილმა.

კანონპროექტის ავტორი, ხათუნა სამნიძე არ დაეთანხმა დეპუტატს და შეახსენა, რომ თემატურ მოხსენებაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა – შესწავლილია საერთაშორისო პრაქტიკა, არსებობს სტატისტიკა, გაანალიზებულია როგორც ეკონომიკურო, ისე უფლებრივი მიმართულება. სამნიძისთვის გაუგებარია, რა დამატებითი სამუშაოები შეიძლება ჩაატაროს კომიტეტმა. ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და ვარაუდობს, რომ მმართველ პარტიას ეს არ სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი