კომენტარი

საქართველო კლიმატური ცვილებების პირისპირ

10 დეკემბერი, 2010 • 1699
საქართველო კლიმატური ცვილებების პირისპირ

ტყეების ფართობის 10%-ით გაზრდა, საქართველოს ნახშირორჟანგისგან თავისუფალ ზონად გადაქცევა და განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების დაწყება – ეს არის არასრული სია საკითხებისა, რაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მექსიკაში გამართულ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ მეთექვსმეტე საერთაშორისო სამიტზე.

სამიტი 29 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. მას მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ათობით საკითხს განიხილავდნენ.

კლიმატის ცვლილებებთან და საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ესაუბრა ექსპერტს კლიმატის ცვლილებების საკითხებში, მარინა შვანგირაძეს.

რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით?

ძირითადი პრობლემა, რაც გლობალურ დათბობას ახლავს, არის ტემპერატურის ცვლილება. ეს ფაქტი, შესაბამისად, მდგომარეობს ლოკალურად,  კონკრეტულ ქვეყნებსა და კონტინენტებზეც ცვლის.  აქ არაერთი გამოწვევაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მყინვარების დნობა, ოკეანეების დონის ზრდა, რაც ყველაზე დიდ ზარალს მოუტანს მცირეკუნძულოვან სახელმწიფოებს. ასევე, პრობლემები შეექმნებათ მცირემიწიან ქვეყნებს, რომლებსაც გაუდაბნოების საფრთხეები ემუქრებათ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.   

ამ მხრივ საქართველო რა პრობლემების წინაშე დგას?

პრობლემები საქართველოშიც შესაბამისია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა ვართ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო, შავი ზღვის სანაპირო ჩვენთვის ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია.  შავი ზღვის დონემ აიწია, ტალღების სიმაღლემ მოიმატა. ამას  თან ახლავს სანაპირო ზოლის ჩარეცხვა. ჩვენ თუ გვინდა, რომ სანაპირო ზოლში ტურიზმი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა  განვავითაროთ, სანაპიროს სჭირდება დაცვა, რადგან მას ზღვა უტევს და მიაქვს ხმელეთი.

რაც შეეხება გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესს, ეს უფრო აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონში შეიმჩნევა. ეს რაიონი ყოველთვის ნახევარუდაბნო იყო, მაგრამ ბოლო დროს  პროცესი დაჩქარდა. მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი სახეობაა მთიან რეგიონებში მეწყერების გახშირება.  ყველა აღნიშნული მოვლენა მხოლოდ კლიმატური ცვლილებებით არ არის გამოწვეული. ეს არ ეხება ზღვის დონის მომატებას. როცა ვსაუბრობთ მიწის დეგრადაციასა და  დედოფლისწყაროში არსებულ პრობლემაზე, ეს დიდწილად ადამიანთა ჩარევის შედეგადაა გამოწვეული და დაჩქარებული.  მდგომარეობას ართულებს კლიმატური ცვლილებები.

თუ კლიმატის ცვლილება მიწის დეგრადაციას, ვთქვათ, 10%-ით გამოიწვევდა, ახლა ეს უფრო დაჩქარებულად, 20-30%-ით ხდება იმიტომ, რომ ორმაგი ზემოქმედებაა.

 მიწის დეგრადაცია ნიშნავს მეწყერებს, მიწის გამოფიტვას, რაც გადაძოვებითაა გამოწვეული. (შენიშვნა: მწყემსები ცხვრებს როცა ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ მიერეკებიან, საქონელი ზოგჯერ იმ გზით მიჰყავთ, სადაც ეს აკრძალულია. გზად ცხვარი მცენარეულ საფარს ანადგურებს, რაც მიწის გამოფიტვას იწვევს. ამ პროცესს სპეციალისტები გადაძოვებას ეძახიან).

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის აჭარაში აყვავდა ტყემალი და ატამი. რამ შეიძლება ეს ფაქტი გამოიწვიოს?

რა თქმა უდა, ეს გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ფენომენი ის არის, რომ შეუძლებელია პროგნოზის  წინასწარ გაკეთება. შესაძლოა, 2-3 დღიანი პროგნოზი გააკეთოი, მაგრამ უფრო გრძელვადიანი წარმოუდგენელია. შეიცვალა საქართველოსთვის დამახასიათებელი ტიპური ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.  ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ და დავასკვნათ, რომ საქართველოში მოიმატა ზაფხულისა და ზამთრის ხანგრძლივობამ, ხოლო შემცირდა გაზაფხულისა და შემოდგომის ხანგრძლივობა. სამაგიეროდ, ზამთარი უფრო თბილი გახდა.  თუ ჩვენ ამას წლიურ საშუალო ტემპერატურაზე გადავიყვანთ, შესაძლოა, დიდი ცვლილება ვერც ვნახოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ტემპერატურის წლიური განაწილება.  რა თქმა უნდა, ეს  მოქმედებს მოსავლიანობაზე, სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესებზე, იცვლება სხვადასხვა კულტურების წარმოების ვადები და ა.შ.

რამდენად თანმიმდევრულია სახელმწიფოს პოლიტიკა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?  

მეტ–ნაკლებად.  შეუძლებელია  ყოველთვის დაარწმუნო მთავრობა, ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ესა თუ ის საკითხი არის პრობლემა. დედოფლისწყაროში ადრე იყო ქარსაფარები. იქაურმა მიწამ რომ რაიმე მოსავალი მოგცეს, იქ აუცილებლად უნდა იყოს ქარსაფარი. ფერმერებმა ის საკუთარი ნებით გაჩეხეს. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ქარსაფარი რისთვის იყო საჭირო.  როცა მათ ნახეს უარყოფითი შედეგბი, უკვე მიხვდნენ, რომ ქარსაფარი საჭიროა.  მე რომ გითხრათ,  ახლა მთელი ქვეყანა მობილიზებულია და მზად არის ამ საფრთხეებთან საბრძოლველად,  ეს ასე ნამდვილად არ არის.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდმა აღადგინა 28 კილომეტრიანი ქარსაფარი ზოლი. ეს იყო საპილოტე პროგრამა. დედოფლისწყაროში არის 1600 ჰექტარი მიწა და წარმოუდგენელია, იქ ქარსაფარი ზოლი მთლიანად აღადგინოს რომელიმე ფონდმა ან გერმანიის მთავრობამ.

დედოფლისწყაროს რაიონში ხელისუფლება  ამ წუთში დამატებით არაფერს აკეთებს,  ამისთვის ფინანსები არ არის გამოყოფილი. ეს მიწები პრივატიზებულია და იგულისხმება, რომ ქარსაფარიც ფერმერებმა გააშენონ.  ამის გაკეთება მათ ინტერესებშია.  წარმოუდგენელია, საბჭოთა პერიოდის მსგავსად ხელისუფლებამ ყველგან საკუთარი სახსრებით ააშენოს ქარსაფარი ზოლები.

ფემრერმა რომ იცოდეს ქარსაფარი ზოლი როგორ გააკეთოს,  ამ საკითხში ხელისუფლების დახმარება ნამდვილად  საჭიროა.

ხელისუფლებას რისი გაკეთება შეუძლია აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად?

შავი ზღვის სანაპირო ზოლის პრობლემის მოგვარებას ცალკეული კერძო კომპანიების ქმედება ვერ უშველის და აქ ხელისუფლება უნდა ჩაერიოს. ადგილობრივი ხელმძღვანელობა გარკვეულ ზომებს ატარებს აჭარის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად, მაგრამ სპეციალისტების თვალსაზრისით, ეს არ არის საკმარისი. სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებულად არ ხდება საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. აქ უფრო არის რეაგირება შედეგზე  და არა – საფრთხის პრევენცია. პრევენციული ღონისძიებები სანაპიროზეც და მეწყერსაშიშ ზონაშიც ნაკლებია.

საქართველპრეზიდენტის მოხსენება კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე თუ იყო ადეკვატური და თუ პასუხობდა კლიმატის ცვლილებების სფეროში არსებულ პრობლემებს?

მისი მოხსენების ძირითადი მომენტი იყო ის, რომ საქართველო ნახშირბადის მიმართ უნდა გახდეს ნეიტრალური, ანუ სუფთა. საქართელოდან არ უნდა ხდებოდეს ნახშირორჟანგის გადინება. ეს არის რთული პრობლემა, მაგრამ ქვეყანას აქვს გარკვეული პოტენციალი, რომ  ელექტროენერგეტიკის სფეროში სუფთა წარმოება გქვონდეს.

ქვეყანას აქვს პოტენციალი რეალურად აწარმოოს განახლებადი ენერგია. ეს საკითხი შესწავლილია და მას ახლაც ვიკვლევთ. ქვეყანამ 2009 წელს მეორე ეროვნული შეტყობინება მოამზადა.  შევისწავლეთ ენერგეტიკის სექტორი და გამოვარკვიეთ, რომ საქართველოს შეუძლია ჰიდრო და ქარის ენერგიით  სუფთა ენერგია აწარმოოს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე – საექსპორტოდ. უკვე დაწყებულია ჰიდროელექტროსადგურების აშენება. რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურებს, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა.  არის საპროექტო წინადადებები, მაგრამ იმის გამო, რომ ამის განხორციელება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, საქმე წინ ვერ წავიდა.

ამ პროექტების განხორციელება რამდენად მნიშვნელოვანია და რა მასშტაბის გავლენას მოახდენს კლიმატის სფეროში არსებულ პრობლემებზე?

სუფთა ელ. ენერგიის წარმოება და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება ეკონომიკაზე მოახენს ძალიან დიდ გავლენას.  რაც შეეხება სათბურის გაზების შემცირების კუთხით, გლობალური მასშტაბით, ამას მცირე მნიშვნელობა ექნება.  დიდ ქვეყნებთან შედარებით ჩვენი ემისია(მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გამოფრქვევა) არ არის მასშტაბური, მაგრამ პოლიტიკურ მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, სხვა ქვეყნებმა მოგვბაძონ, რაც სამომავლოდ დიდ შედეგს მოიტანს.  ეს პროექტი (განახლებადი ენერგიის წარმოების დაწყება) საქართველოში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. განახლებადი ენერგეტიკა ძვირია და ეს სფერო ყველა ქვეყანაში სუბსიდირებადია. 

პრეზიდენტმა ისაუბრა ტყეების ფართობის დამატებით საქართველოს ტერიტორიის 10%-ით გაზრდაზე. ახლა რა მდგომარეობაა ქართულ ტყეებში?

საქართველოს ტყეების მთავარი პრობლემა არის ხარისხი. თუკი ერთ ჰექტარზე ნორმალური ტყე შთანთქავს  5-6 ტონა ნახშირორჟანგს, საქართველოში ამ ფართობის ტყეს მხოლოდ 1,5 ტონა ნახშირორჟანგის შთანთქმა შეუძლია.        

ამის გამოსწორება კი სწორი მენეჯმენტით არის შესაძლებელი. უნდა მოიჭრას ავადმყოფი და მათ ნაცვლად დაირგოს ახალი ხეები. მაგალითად, ქვემო სვანეთში მცხოვრებ ხალხს ახსოვს, რომ იქ წლების წინ  მეწყერსაშიშ ზონაში ტყის გაშენება ხდებოდა. გაჩეხვამ კი მეწყერების პრობლემა ხელახლა წარმოშვა. 

ამჟამად ტყეების გაშენების მცირე პროექტები არსებობს, მაგრამ მასშტაბურად ეს ამბავი ჯერ დაწყებული არ არის.  

მარინა შვანგირაძე მარინა შვანგირაძე არის გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის  (UNFCCC) მიმართ ეროვნული შეტყობინების მომზადები კოორდინატორი და პროექტის მენეჯერი.


მასალების გადაბეჭდვის წესი