კომენტარი

კომენტარი უხილავი თემისთვის

6 მარტი, 2014 • 1173
კომენტარი უხილავი თემისთვის

დიახ, ახლოვდება 17 მაისი, დღე, როდესაც საქართველოშიც კი ადამიანებს „გამართლებულად“ შეუძლიათ გააპროტესტონ/დაგმონ ჰომოფობია და ტრანსფობია, ქუჩაში გავიდნენ, ხელთ იპყრან ცისარტყელა დროშა, მოაწყონ აქცია, იქონიონ იმედი, რომ სახელმწიფო მათ დაიცავს. სიტყვა „გამართლებულად“, ცხადია, შემთხვევით არ დამიწერია. ჰომოფობიის გასაპროტესტებელ აქციას საქართველოში „გამართლება“ ჭირდება. ამ შემთხვევაში „გამართლება“ იდეალურია  – მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს და ასევე ჩვენც ვიყენებთ შესაძლებლობას და ავღნიშნავთ მას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში წელიწადში მხოლოდ ერთი დღე ჰომოფობიის გასაპროტესტებელი აქციის ჩასატარებლად არ არის საკმარისი და დიდი უნიათობა იქნება, თუკი ყოველ წელს ლგბტ თემი მხოლოდ 17 მაისის საერთაშორისო მადლის ამარა დავრჩებით. ნებისმიერ სხვა დღესაც რომ შეიკრიბონ ჰომოფობიის გასაპროტესტებელ აქციაზე ლგბტ თემის წევრები, ამის უფლება სადღაც ქაღალდზე დაწერილი არსებობს, თუმცა ჩვენ, თემის წევრები ამ უფლებას არ ვიყენებთ  იმიტომ, რომ გვეშინია და არ ვართ დარწმუნებული, რომ უფლება იქნება დაცული. კიდევ ერთი პრობლემაა ის,  რომ საქართველოში ლგბტ თემი უხილავია. და ჩვენი უხილავობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენზე მოგონილ ზიზღისმომგვრელ ზღაპრებს რეგულარულად მოუყვნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საკუთარ იოლად მანიპულირებად, მრავალჯერ შეშინებულ მუდმივად ავტორიტეტის/ლიდერის/მოძღვრის ძიებაში მყოფ  პუბლიკას.

 

ბანალური ჭეშმარიტება – თემი რომ გახდეს ხილვადი, საჭიროა თემის წევრების მიერ შიშის დაძლევა, რაც არ არის იოლი, მაგრამ შესაძლებელია, თუ ადამიანი გაიაზრებს,  რომ თავისუფლება, რომელიც მას წილად დაბადებისთანავე ერგო, ძვირფასი, შესანარჩუნებელი და დასაცავია (!). შიშის დამარცხება და ხილვადობა აუცილებელია, თუ გვინდა დამკვიდრება და, როგორც უყვართ ხოლმე თქმა – „ საზოგადოებაში ინტეგრაცია“.  „ინტეგრაცია“. თანათემელებო, არ არის პანტა (ხილი), რომ დაჯდე და დამწიფებას დაელოდო და როცა დრო მოვა ხიდან თავისით ჩამოვარდეს მიწაზე ისე, რომ ადამიანს მხოლოდ ხელის გაწვდენა და შეიძლება ოდნავ გადაგორება დაჭირდეს, რომ მიწვდეს და აიღოს.

 

როგორი ტოტალური ძალაუფლების მქონეც არ უნდა ჩანდეს ის გაბოროტებული კასტა, რომელსაც თავის დროზე  არაერთმა ავაზაკმა შეაფარა თავი და რომელიც დღეს თავის თავს სამღვდელოებას უწოდებს და ჩვენ წინააღმდეგ სიძულვილს დაუღალავად თესავს, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დამარცხდება, როგორც ძალა, რომელიც ფაშიზმზე და სიძულვილზეა დაფუძნებული. საშიში სანახავი იყო შარშან 17 მაისს გადარეული ბრბო. კი, მეც ვიყავი იქ და ვნახე, მაგრამ ჩვენი შიში ისეთივე საზრდოა დაგეშილი ბრბოსთვის, როგორც ის სიძულვილი, რომლითაც მას დაუღალავად კვებავენ სასულიერო პირები. ჩვენი შიში, პირველ რიგში, ჩვენი მტერია,  რომელიც დროთა განმავლობაში შეგვაგუებს დაჩაგრულის მდგომარეობას, მსხვერპლის როლს, რომელსაც თავდაცვის და დამოუკიდებლად ბრძოლის უნარი არ აქვს, რომელსაც შეიძლება მხოლოდ უთანაგრძნო.

 

ფილოსოფოსი ალექსანდრ პიატიგორსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ შეცდომა იქნებოდა ტერორის მხოლოდ ერთი მხარის დანახვა, რომ არსებობს ტერორის ორი მხარე. არსებობს მოძალადე და არსებობს ადამიანი, რომელიც წინასწარ უკვე შეგუებულია და შემზადებულია ძალადობისთვის და თავისი შეგუებით თანამონაწილეა თავისივე დატერორების, რომ ტერორის მომზადებაში წვლილი მიუძღვით  შეშინებულ, დატერორებულ ადამიანებსაც. ჩვენ გვაჩვევენ ტერორს და ჩვენ ვეჩვევით ტერორს, ჩვენ წინასწარ ვემზადებით ტერორისთვის, რომ დაგვარბევენ, ჩაგვქოლავენ, შიშით წინასწარ წარმოვიდგენთ რა მოგვივა. ამიტომ არ ვაპროტესტებთ ჰომოფობიას და არ ვმართავთ აქციებს წელიწადის სხვა დღეებშიც, ველოდებით 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როგორც დღეს როცა რაღაც „გამართლება“ მაინც ექნება ჩვენს დროებით ღიად გამოჩენას საჯარო სივრცეში და ისევ გვაქვს იმედი, რომ შეიძლება წელს მაინც დაიცვან ჩვენი უფლებები. გამოსავალი, რომელსაც გვთავაზობს პიატიგორსკი, არის ის, რომ ტერორის დასამარცხებლად ადამიანმა, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა დაძლიოს ძალადობაზე რეაქციის მზა შტამპები – უსუსურობის, პასიურობის, სიმხდალის.

დაბოლოს,  ვერანაირი 17 მაისის აქცია, ვერც ხუთი და ვერც ათი აქტივისტი ვერ გააკეთებს სრულიად თემის გასაკეთებელ საქმეს. 2013 წლის 17 მაისს გამომჟღავნებული ტერორი არ დამთავრებულა და არ დამთავრდება მანამ, სანამ ყველა არ ვიტყვით ხმამაღლა და გარკვევით, რომ არავის არ აქვს უფლება ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის და საჯარო სივრციდან გაძევების. არც 17 მაისს და არც წელიწადის რომელიმე სხვა დღეს.  კარგად ვიცი, რომ როგორც თემის ერთ-ერთი წევრი მეც პასუხისმგებელი ვარ ამ ჰომოფობიურ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემი წილი პასიურობის შედეგადაც არის ეს გარემო ასეთი და ის არ შეიცვლება, თუკი თემის თითოეული წევრი არ მიხვდება, რომ ამ გარემოს შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამას ყველა ერთად ვეცდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი