ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი სოკართან გაფორმებულ ხელშეკრულებით კმაყოფილია

7 მარტი, 2016 • 1958
დავით უსუფაშვილი სოკართან გაფორმებულ ხელშეკრულებით კმაყოფილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს მთავრობის, პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის მიმართ. გაზმომარაგების საკითხზე უსუფაშვილმა დღეს თბილისში, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპეკულლაციები იმის შესახებ, საქართველოს სტრატეგიულად ესმის თუ არა ენერგეტიკული საკითხები, უნდა დასრულდეს:

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის სტრატეგიულად და პოლიტიკურად ეს საკითხები. მინდა ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვა მთავრობის, პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მიმართ, რომლებმაც დაასრულეს პროცესი ქვეყნის გაზმომარაგების ისე, როგორც ყველაზე უკეთსი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ენერგეტიკული თვალსაზრისითაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამ პროცესში ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არ ვართ მარტო. ასეთ საკითხებში ძალიან ბევრი ინტერესია ჩართული. ამ ინტერესებს ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და არ დავაიგნოროთ, რომ ისინი არ არსებობს. ეს არის ჩვენი მეზობლების განსხვავებული დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებისადმი. უნდა მივიღოთ საბოლოო შედეგი, რაც ქვეყანას სჭირდება დღეს და სამომავლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი მივიღეთ და ეს ძალიან კარგია.”

4 მარტს საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანულ “სოკართან” ბუნებრივი აირის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრის მოწოდებაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებით იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარების დროს საქართველოს აღარ დასჭირდება მისი შესყიდვა “გაზპრომისგან”, რაზეც მანამდე იყო საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა “გაზპრომს” ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, 6 მარტს თბილისში რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

საქართველო გასული წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობის მიღებასა და რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული გატარებული გაზის 10% -ის მონეტიზაციაზე. 5 მარტს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ საკითხზე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი