ახალი ამბები

ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმული მოქალაქეები გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

6 მარტი, 2016 • 1747
ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმული მოქალაქეები გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

თბილისში რუსულ კომპანია “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეკრება საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დაიწყეს. ისინი ცოცხალ ჯაჭვს ქმნიან, რომელიც რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობამდე გაგრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორები, პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ კომპანია “სოკარს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება დიდწილად საზოგადო პროტესტის დამსახურებაა და გაზპრომთან მოლაპარაკებების წარმოება ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება:

"არა გაზპრომს" - თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ გიორგი დიასამიძე

“არა გაზპრომს” – თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ გიორგი დიასამიძე

“გაზპრომი ეს არის ტოტალიტარული რუსეთის ყველაზე მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე გავლენის ზემოქმედებისათვის. მთელი ევროკავშირი, მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რომ რამენაირად დაშორდეს ამ კომპანიას და ზოგადად, რუსულ იმპერიალურ ინტერესებს. სამარცხვინოა, როცა საქართველოს ხელისუფლება მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს ან თურმე გაზი უნდა შევიძინოთ.

პირველი გამარჯვება მოპოვებულია. მოპოვებულია იმიტომ, რომ აზერბაიჯანთან გაგრძელებულია ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ ჩამოცილებულია ეს ყველაფერი. დღეს ვიკრიბებით იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ მთავრობას არ მოუვიდეს აზრად გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსულ გაზზე საქართველოს გადართვა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,” – აცხადებს პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე.

აქცია უერთდებიან ასევე თავისუფალი ზონის წევრები. მათი თქმით, “სოკართან” მიღწეული შეთანხმების მიუხედავად აქციების გაგრძელება საჭიროა, რადგან გაზპრომის საქართველოში შემოსვლის საშიშროება კიდევ არსებობს:

“ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა არის ამ აქციების შედეგი. ის, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა გაზპრომზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საბოლოოდ უარი თქვეს. ისიც აღნიშნეს, რომ გაზპრომთან აგრძელებენ მოლაპარაკებებს. ღმერთმა ნუ ქნას და ოქტომბერში თუ ისევ ესენი დარჩნენ, მაშინ აუცილებლად გაზპრომი შემოვა,” – აცხადებს ბადრი შუბლაძე “თავისუფალი ზონიდან”.

აქციაზე შეკრებილები ასევე სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით.

“ჩვენ ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ მთელ მსოფლიოში შეკრებილ ადამიანებს ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებით. ეს არის ეროვნული გმირი არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს. ეს არის სიმბოლო თავისუფლებისა და ტოტალიტარულ რეჟიმებთან ბრძოლის,” – ამბობს ვაშაძე.

"არა გაზპრომს" - თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

“არა გაზპრომს” – თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

"არა გაზპრომს" - თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

“არა გაზპრომს” – თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

"არა გაზპრომს" - თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

“არა გაზპრომს” – თბილისში რუსული კომპანიის წინააღმდეგ აქცია იმართება. ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

4 მარტს საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანულ “სოკართან” ბუნებრივი აირის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრის მოწოდებაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებით იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარების დროს საქართველოს აღარ დასჭირდება მისი შესყიდვა “გაზპრომისგან”, რაზეც მანამდე იყო საუბარი.

საქართველო გასული წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობის მიღებასა და რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული გატარებული გაზის 10% -ის მონეტიზაციაზე. 5 მარტს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ საკითხზე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი