ახალი ამბები

მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენცია თსუ-ში აღარ ჩატარდება

22 თებერვალი, 2016 • 1146
მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენცია თსუ-ში აღარ ჩატარდება

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” განცხადებით, მეოთხე ეროვნული ლგბტ კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 თებერვალს აღარ ჩატარდება.

“იდენტობის” განცხადებით, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა სოციალურ ქსელში შექმნეს ღონისძიება, რომლის ფარგლებში გაჟღერდა უამრავი მუქარა ღონისძიების ორგანიზატორების, მონაწილეებისა და დამსწრეთა მიმართ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ამ ჯგუფების მხრიდან შესაძლო ძალადობისგან კონფერენციის მონაწილეთა დაცვა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით უარი თქვა ამ სივრცეში კონფერენციის ჩატარებაზე.

“უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა, ხელი შეეწყო სამეცნიერო მუშაობის განვითარებისთვის თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. უნივერსიტეტი არის საჯარო სივრცე, სადაც არავის აქვს კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამო მის აკადემიურ სივრცეში შეჭრის და იქ მიმდინარე კვლევით პროცესებზე კონტროლის მოპოვების უფლება”, – აცხადებს ორგანიზაცია.

იდენტობის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ალტერნატიული სივრცის მოსაძებნად მხოლოდ რამოდენიმე საათი ჰქონდათ, კონფერენცია “იდენტობის” ოფისში ჩატარდება.

მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია მოიცავს საკითხებს: ქამინგ აუთთან დაკავშირებული საკითხები, ჰომოსექსუალების დამოკიდებულები ბისექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი, განწყობები და დამოკიდებულებები ლგბტ თემის მიმართ, მედიასაშუალებების ანალიზი ლგბტ საკითხების გაშუქების თვალსაზრისით, პედაგოგების შეხედულებები და ინფორმირებულობა ლგბტ საკითხებზე, ჰომოფობიის შეფასება თბილისსა თუ რეგიონებში, კულტურისა და რელიგიის დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ.

მეოთხე ეროვნული კონფერენცია ლგბტ საკითხებში ტარდება პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია კანადის მთავრობის მიერ.

იდენტობის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერისა და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი