ახალი ამბები

ტელეარხების უკანონოდ გადაცემის გამო კომუნიკაციების კომისიამ შპს “გორდა” დააჯარიმა

12 თებერვალი, 2016 • 1087
ტელეარხების უკანონოდ გადაცემის გამო კომუნიკაციების კომისიამ შპს “გორდა” დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები შპს „ტელევიზია კახეთი“ და შპს „სინემა კახეთი“ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „გორდას“ 3 ათასი ლარის ოდენობით ფინანსური სანქცია დააკისრა.

კომისიის ცნობით, შპს „ტელევიზია კახეთი“ სატელევიზიო არხებს „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“, „tv 11“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „კომედი არხი“, „ობიექტივი“, „მარაო“, „Охота и рыбалка“, „ენკი-ბენკი“, „Наше Кино“, „Авто+“, „Усадьба“ და „სტერეო+“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადასცემდა.

„სინემა კახეთს“ წერილობითი ფართხილება სატელევიზიო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „TV 11“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი“, „ივერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Футбол 2“, „Discovery science“, „Discovery“, „National Geographic“, „Animal Planet“, „ОРТ“-ეს არამართლზომიერად გადაცემისთვის დაეკისრა.

შპს ,,გორდა“ ორ რუსულ სატელევიზიო არხს, „TV 3“ და „РЕН ТВ“-ის გადასცემდა უკანონოდ.

კომისიამ მიიჩნია, რომ სამივე კომპანიამ დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები. კომისიის გადაწყვეტილებით, სამივე იურიდიულ პირს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი