ახალი ამბები

ხალვაში: დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისია

3 ნოემბერი, 2015 • 1579
ხალვაში: დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისია

გავრცელებული განცხადებით ქიბარ ხალვაში რუსთავი 2–ის თანამშრომლებს მიმართავს და პირობას აძლევს, რომ მათგან არც ერთი პროფესიონალი სამსახურიდან არ გათავისუფლდება:

 

“დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია არ შემიწყვიტავს. დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია რუსთავი2–ის პატრონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი.მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო.

თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის მთავარი. კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა რუსთავი 2–ის დასაბრუნებლად ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული. დღეს სულ სხვა რამ მაღელვებს. ესაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მოყვნენ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ დატერორებული ტელეკომპანიების ცრუ და პროპაგანდისტულ მექანიზმში. რუსთავი 2–ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ. მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო:

მე მართლაც კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია რუსთავი2–ის  მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა! მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან. საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების  მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელე–ბიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას.

სიმართლე ერთია  და ის ყოველთვის არა ძალადობის, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფლების მხარესაა. დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!” – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.
 
მოსამართლემ შვიდპუქტიანი სარჩელის მხოლოდ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:
 
 
– გთხოვთ მოხდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველო”-ს (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმება და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს “პანორამა”-ს (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობა.
 
 
– გთხოვთ ბათილად ცნოთ: ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის მისი კუთვნილი 60%–ი წილიდან 22%-ი გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის საწესდებო კაპიტალის 38%–ი გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.

ამას გარდა, რუსთავი 2-ს დაეკისრა ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა.
 
 
რუსთავი 2-ის ადვოკატების თქმით, ისინი გაასაჩივრებენ მოსამართლე ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საქმე უსაფუძვლოა და შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება მინიმალურ სტანდარტზეც კი. მან თამაზ ურთმელიძეს “დაქირავებული ზონდერი” უწოდა და განაცხადა, რომ ურთმელიძემ რუსთავი 2 სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების გარეშე დატოვა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი