ახალი ამბები

თეზისები წინასაარჩევნო პროგრამის ნაცვლად

15 აპრილი, 2010 • • 1675
თეზისები წინასაარჩევნო პროგრამის ნაცვლად

არც ერთ პარტიის საარჩევნო პროგრამას არ იცნობს ამომრჩეველი არჩევნებამდე 45 დღით ადრე. პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი–ეს ის განცხადებაა, რომელსაც პარტიების უმრავლესობა აკეთებს “ნეტგაზეთთან” საუბარში.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცესკოს ინფორმაციით 26 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. ცესკომ გუშინ უარი უთხრა რეგისტრაციაზე 10 პარტიას.

პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების ცესკოში წარდგენის ვადა აპრილის ბოლომდე აქვთ.

ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილია თბილისის  მერობის  რამდენიმე კანდიდატი: ირაკლი ალასანია, გია ჭანტურია, ზვიად ძიძიგური, ნიკა ივანიშვილი.

ასევე ცნობილია საკრებულოს თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატი: სოზარ სუბარი, ინგა გრიგოლია, კობა დავითაშვილი, რამაზ შენგელია.

არჩევნებამდე 45 დღით ადრე,  არ არის  ცნობილი ზუსტი სია  იმ ადამიანებისა, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე   წარადგენენ.

ოფიციალურად ცნობები  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების შესახებ არ ვრცელდება. არ არის ცნობილი ვინ იქნება მათი მერის, საკრებულოს თუ სხვადასხვა უბნებსა თუ ქალაქებში მაჟორიტარი კანდიდატები.

„ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“,–ამბობს ნაციონალური მოძრაობის პრესცენტრის წარმომადგენელი ქეთევან ქოჩრაშვილი, კითხვაზე,თუ ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თბილის მერის არჩევნებში.

ქოჩრაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარებზე უკვე ჩამოყალიბდნენ და დათქმულ ვადებში წარადგენენ კანდიდატებს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ასევე მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი დასაქმება იქნება.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ასევე არ აქვეყნებს მაჟორიტარების სრულ სიას. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ირაკლი ალასანია მიიღებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი სოზარ სუბარია.

ვიქტორ დოლიძე, ალიანსის წევრი, ამბობს,რომ  მათი კანდიდატების შესახებ საზოგადოება მალე მიიღებს ინფორმაციას.

„ჩვენ ჩვენი პროგრამით მივდივართ არჩევნებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვა, განათლება და ამ საკითხების მუნიციპალური ხელშეწყობა.“

დოლიძე ამბობს, რომ ალიანსის პროგრამაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს ექსპერტებთან ერთად და ის სექტორები, რომელიც საარჩევნო პროგრამის ნაწილია, გეგმების სახით, ერთად შეიკვრება ალიანსის სამოქმედო პროგრამად.

ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი და გია ჭანტურიას შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარტიამ საქმის 2/3 უკვე გააკეთა. თუმცა ისინი ვადის ამოწურვამდე გააგრძელებენ მუშაობას და თვის ბოლოს გამოაქვეყნებენ ზუსტ სიას თუ ვინ იქნებიან მათი პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარები ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქალაქში.

„რეგიონებში ჩვენი კანდიდატების უმეტესი ნაწილი უკვე წარვადგინეთ, ესენი ძირითადად ადგილობრივები არიან და სოფელში ყველა–ყველას იცნობს, ამიტომ მათაც იცნობენ“,–ამბობს  ვეფხვაძე.

რაც შეეხება მათ თბილისის მერობის კანდიდატის  წინასაარჩევნო პროგრამას, ჯერ არ არის დასრულებული. ვეფხვაძე ამბობს,რომ ეს საკმაოდ დიდი დოკუმენტია და საზოგადოებას პროგრამას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

„თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ჯანდაცვა, განათლება, ტარიფები, დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესი“.

„სახალხო დემოკრატებიც“ ცესკოს სიების წარსადგენად  ვადის ამოწურვას ელოდებიან. თუმცა ნანა ბოლქვაძის, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის თქმით, მაჟორიტარების ამომრჩევლებისთვის წარდგენა დღესაც მიმდინარეობს. პარტია მაჟორიტარებს ყველა უბანში წარადგენს.

რაც შეეხება თბილისის მერის კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის საარჩევნო პროგრამას, ასევე უცნობია.  ბოლქვაძე ამბობს, რომ თეზისები არსებობს, თუმცა ბეჭდური ვერსია მალე გამზადდება.

„ცვლილებები შევიტანეთ და ამიტომ დაგვიანდა პროგრამის გამზადება. აქცენტები გავაძლიერეთ ეკოლოგიაზე“,– ამბობს სახალხო დემოკრატების წარმომადგენელი.

”ეროვნულ საბჭოში” მაჟორიტარების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 9 აპრილს, ეროვნული საბჭოს ყრილობაზე, ჭადრაკის სასახლეში გახდა ცნობილი.

22 საარჩევნო  ოლქიდან, 11 ოლქში კონსერვატორული პარტიის წევრები არიან წარდგენილები, დანარჩენი 11 კი ასე ნაწილდება: 5 – მოძრაობა ” სამართლიანი საქართველოსთვის”, 4 – ”ხალხის პარტია”,1 – ”მამულიშვილი” და 1 – ”ქრისტიანული საქართველოს წევრი”.

მანანა კარტოზია, ”სამართლიანი საქართველოსთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი   ამბობს ,რომ საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია    „დღეს მეორე არხის ეთერში გაიმართება”.  

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე,სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან  კონსულტაციების მიუხედავად  არ საუბრობს მერის არჩევნებში მის მონაწილეობაზე.

„ყველა შეკითხვას ხვალ ვუპასუხებ“,–ამბობს 15 აპრილს გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან და ხვალინდელი პრესკონფერენციისთვის ემზადება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი