ახალი ამბები

სოზარ სუბარი საკუთარ თავსა და პრეზიდენტზე

8 აგვისტო, 2011 • 1845
სოზარ სუბარი საკუთარ თავსა და პრეზიდენტზე

“ქრისტიან-დემოკრატი”, ლევან ვეფხვაძე, სოზარ სუბარის წინააღმდეგ გამოდის. ერთერთ სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ვეფხვაძე ალიანსის წევრების მხრიდან მათი კანდიდატების _ გია ჭანტურიასა და ინგა გრიგოლიას ხელისუფლების პროექტად მოხსენიებამ გააღიზიანა. ალიანსის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ვეფხვაძემ მატყუარა უწოდა, “თავისუფლების ინსტიტუტში” მუშაობის წლები შეახსენა და ომბუდსმენობის პერიოდში რელიგიით მანიპულირებაში დასდო ბრალი. ყოფილ სახალხო დამცველს “ბათუმელებმა” ამ განცხადებების შეფასება სთხოვა.  

 

– ბატონო სოზარ, “ქრონიკაში” ითქვა, რომ თქვენ ხელისუფლების პროექტებად მოიხსენიეთ ინგა გრიგოლია და გია ჭანტურია. ასეა?

–მე არაფერი მითქვამს ინგა გრიგოლიაზე. რაც შეეხება გია ჭანტურიას, ერთი კრიტიკული სიტყვა თუ წასცდება ხელისუფლების რომელიმე პირის მიმართ, შევცვლი ჩემს შეფასებას. ჯერჯერობით, ის აქებს ხელისუფლებას, გიგი უგულავას… აცხადებს, რომ მას არაფერი გაუგია 7 ნოემბრის შესახებ. საერთოდ არ გაუგია, რომ 9 აპრილი იყო საქართველოში და, საერთოდ, არ ვიცით, საიდან არის ჩამოსული.

–ვეფხვაძემ მატყუარა გიწოდათ, მან გაიხსენა თქვენი ომბუდსენობის პერიოდი და აღნიშნა, რომ ხშირად იყენებდით სიტყვებს _ ერი, რელიგია, მართლმადიდებლობა. მან თქვენი “თავისუფლების ინსტიტუტში” მუშაობის წლებზეც გაამახვილა ყურადღება.

– არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს, არ მაინტერესებს რას ამბობენ “ქრისტიან-დემოკრატები”, ვიცი რატომაც ამბობენ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

– კაცობა, “თავისუფლების ინსტიტუტი”, სოროსი, რელიგია, ერი _ წინასაარჩევნოდ ყოველთვის გამოიყენება ადამიანების დისკრედიტაციისთვის. თქვენი აზრით, თუ მოქმედებს ეს საზოგადოებაზე?

–ეს არ არის ის თემა, რაშიც ახლა უნდა ჩავერთოთ, როდესაც აშკარაა, რომ ქვეყანას მართავს შეშლილი პრეზიდენტი. ეს მისმა გუნდმაც ნათლად დაინახა გუშინ. ეს პრეზიდენტი მარტო მოდელირებას კი არ ახდენს, მარტო ტელევიზიისთვის კი არ წერს სცენარებს, დიდი შესაძლებლობაა, რომ ეს ყველაფერ რეალობად გვიქციოს, თუ დიდხანს დარჩა ხელისუფლებაში. მითუმეტეს, ეს მან უკვე გააკეთა 2008 წლის აგვისტოში. მგონია, საზოგადოებას არ გაუჭირდება პარალელების გავლება.

მას ჰყავდა ერთი წინაპარი, რომელსაც ერქვა ნერონი, რომელიც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის კი არა, მსოფლიოს უდიდესი იმპერიის იმპერატორი იყო. ზუსტად ეგეთივე მასხარა, ეგეთივე მსახიობური ნიჭით გამოირჩეოდა, ეგეთივე გარყვნილი ცხოვრებით. მან სანახაობისთვის რომი გადაწვა. აი, ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი პრეზიდენტი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ხელში ასანთიც კი არ უნდა მივცეთ, რადგან საშიშია. ამაში იხარჯება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა მართონ. ეს არის ადამიანი, რომლის სპიკერი გვიცხადებდა, რომ პრეზიდენტს არ აქვს დრო, ძალიან დაკავებულია და ამიტომ ვერ მიდის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე მიუნხენში, სადაც თურმე მიწვეულია. ამ დროს იცლის იმისთვის, რომ სცენარები წეროს ფილმებისთვის, გასცეს ასეთი ფილმების მომზადების ბრძანება, გასცეს ბრძანებები, რომ მას ტიტრი არ დაედოს. დაგეგმილი აქვს, რომ ფილმის გასვლის მეორე დღეს უნდა ჩავიდეს ბოლნისში და იქ ილაპარაკოს რამდენ კილომეტრშია შულავერი. რატომ იყო ჩასული ბოლნისში, ალბათ, ესეც საინტერესოა, სოფელში რაღაცა რიტუალების სასახლე გახსნა _ დარბაზი გააკეთა სოფელმა და იქ იყო ჩასული. ილაპარაკა მოდელირებულ “ქრონიკაზე”, სადაც საუბარში წამოსცდა კიდეც, რომ მას სხვანაირად წარმოედგინა, ანუ იცოდა წინასწარ.

–კვლევების მიხედვით, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ხართ ოპოზიციაში. რას ფიქრობთ, თქვენი წარსულიდან რის გამოყენებას შეეცდებიან პოლიტიკური მოწინააღმდეგეები კომპრომატის სახით?

–ვერაფერს იტყვიან, მე ვიყავი ადამიანის უფლებების დამცველი და ვარ ადამიანის უფლებების დამცველი. ვიცავდი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა სქესის, ყველა ასაკის, ყველანაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, პატიმარი იქნებოდა თუ მილიარდერი. თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი სარწმუნოება, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რვა წელი მედავითნე ვიყავი და დღემდე იმ ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემთვის ქრისტიანობა არის მცნებებით ცხოვრება და არა სიბინძურის ნთხევა, არა ღალატი იმ ადამიანებისა, რომლებთან ერთადაც ვარ. ეს არის ჩემთვის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და არა ქრისტიანობაზე ხშირად ლაპარაკი, განსაკუთრებით კი კამერების წინ.

– რას ფიქრობთ გაჩეჩილაძე-ალასანიას შეხვედრაზე. გაჩეჩილაძეს ჯერ კიდევ არ დაუსახელებია თავისი კანდიდატურა მერობის პოსტზე, დასრულდა გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებები, თუ შეიძლება კიდევ რამე შეიცვალოს?

– დაველოდოთ, რას იზამს. ჩვენი ამოცანა ნათელია, მივდივართ არჩევნებზე. აბსოლუტურად არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვრობთ და შეიძლება არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება დაგვჭირდეს ზოგჯერ. ეს არ გულისხმობს ჩვენი გეზის შეცვლას – პირიქით, ამან უფრო განამტკიცა ჩვენი ხედვა, რომ ერთადერთი გზა, როგორც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, არჩევნებია. დანარჩენი ყველა სხვა გზა სააკაშვილის მიერ არის დაგეგმილი და თანხმდება სააკაშვილის გეგმასთან, რომ რაღაცნაირად შეგვიტყუოს არეულობაში, თავისი სისხლიანი სცენარი რომ განახორციელოს. არჩევნები ერთადერთი გზაა, რომლითაც უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი