ახალი ამბებისაზოგადოება

რიგითი წინასაარჩევნო განცხადება თუ რეალური გეგმა – რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი?

5 ოქტომბერი, 2020 •
რიგითი წინასაარჩევნო განცხადება თუ რეალური გეგმა – რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი?

პირველ ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ანგარიშისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამის პრეზენტაციისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი “საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე”.

საქართველოს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, აქამდეც ცნობილი იყო და ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციაშიცაა ასახული.  ის, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შეუძლია მის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, 2016 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშიც ჩაიწერა.

თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის შესახებ და, მით უმეტეს, განაცხადის გაკეთების სავარაუდო თარიღის დასახელებისგან აქამდე მმართველი გუნდი თავს იკავებდა.

რატომ გადაწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” მაინცდამაინც ახლა ამის შესახებ საუბარი და რამდენად დროული და რეალურია 2024 წლისთვის საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება?

 “მოცდა აღარ შეიძლებოდა”

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ ორ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას-  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით, და ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას- სწორედ “ქართული ოცნების”  მმართველობის პერიოდში მოაწერა ხელი. თუმცა “ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ  პროექტებში მხოლოდ  “ბოლო შტრიხები შეიტანეს” და რვა წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით არანაირი ახალი პერსპექტივა  არ შექმნილა.”ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება მათთვის  არის წინასაარჩევნო “ფუჭი” დაპირება.

მმართველი გუნდისთვის ეს მხოლოდ ოპოზიციის სპეკულაციებია. მათი განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ საარჩევნო პროგრამისას წარდგენისას იმიტომ განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში ცოტა ხნის წინ, სექტმებერში განიხილეს.

“ეს ლოგიკური პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ამის თქმის საშუალება მოგვეცა. სექტემბერში იყო ანგარიშის კენჭისყრა. ეს კენჭისყრა, წესით, მარტში უნდა ყოფილიყო, შეიძლება მარტში არა და ეს  განაცხადი გაგვეკეთებინა აპრილში ან მაისში. მაგრამ კოვიდი დაიწყო, ბევრი რაღაც გადაიდო, ბევრი რამ შეფერხდა… უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო ეს, რადგან ჩვენ ამ ეტაპამდე მივდიოდით, თუმცა ბევრი მიზეზების გამო, ზუსტად ახლა დაემთხვა ეს მომენტი და ძალიან მიხარია, რომ უკვე ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ და ყველას ვამცნოთ, რომ 4 წლისთავზე ჩვენ შევძლებთ უკვე ევროკავშირში [წევრობაზე] განაცხადის შეტანას”, — ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა “ნეტგაზეთთან” და დასძენს, რომ ამ განცხადების გასაკეთებლად “მოცდა აღარ შეიძლებოდა”.

კახა კუჭავას თქმით, 2024 წლისთვის განაცხადის გაკეთების ერთ-ერთი საფუძველი ის “პოზიტიური ანგარიში” გახდა, რომლის  განხილვისას ევროპარლამენტარები ყურადღებას ისეთ საკითხებზეც ამახვილებდნენ, როგორიც არის მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევები, გიორგი რურუას პატიმრობა, მედიის თავისუფლება და  ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილოვან მმართველობა”.

ნახეთ ვრცლადრას ამბობს ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

“ნეტავ კი გვქონოდა იმის საშუალება, რომ ეს განცხადება უფრო ადრეც გაგვეკეთებინა, ამაზე მოცდა არ შეიძლება, მაგრამ განცხადების გაკეთების დრო იმ რეალური საფუძველის არსებობას უკავშირდება,  რომლითაც უკვე შეგიძლია მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ინპლემენტაციას დაველოდეთ, როგორ შეფასდებოდა ევროპარლამენტში. ჩვენ ვნახეთ, რომ,ფაქტობრივად, სრული უმრავლესობით მიიღეს ეს პოზიტიური ანგარიში. ამის შემდეგ დაიდება ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ამბიციური იქნება და ზუსტად მორგებული იმ რეფორმების გატარებაზე, რომელზეც კითხვები არის დარჩენილი, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ”, — ამბობს ის.

თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ ანგარიშში გამოწვევებზეც იყო საუბარი და “ქართული ოცნების”  ამბიციური გეგმის შესასრულებლად  გარკეულ საკითხებში პრინციპული რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითებს, რომლის წარმატებით განხორციელების მზაობასაც ამჟამინდელი მმართველი გუნდი გამოთქვამს.

“4 წლის შემდეგ ევროპარლამენტი ამას ისევ შეაფასებს და როდესაც ნახავენ, რომ წარმატებით განვახორციელეთ ეს საკითხები, ჩვენ გაგვიჩნდება უკვე რეალური საფუძველი იმის, რომ გავაკეთოთ განაცხადი”, — აცხადებს ის.

შემდეგ საარჩევნო ციკლში საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას რომ შეძლებს, სჯერა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილსაც, თუმცა, არა “ქართული ოცნების” პირობებში. მისი თქმით,  2024 წლამდე “ქართულ ოცნება” იმ რეფორმების გატარებასა  და კომპლექსური პრობლემების აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს, რაც მსგავსი განაცხადის გაკეთების საფუძველს გააჩენს.

“ქართული ოცნება” ამას ვერ გააკეთებს, ცხადია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას შევძლებთ. იმიტომ, რომ სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში საქართველოს შეექმნა ევროპული პერსპექტივა და ძალიან სწრაფად და წარმატებით გაიარა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე და შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვნახეთ, რომ უვიზო მიმოსვლის პროცესის დასრულება რამდენ ხანს გაიჭიმა”, — ამბობს ის.

სამადაშვილი ხაზს უსვამს იმას გარემოებას, რომ  განაცხადის გაკეთების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში პოლიტიკურ მიმღებლობასაც. მისი თქმით, იმისთვის, რომ მსგავსი განაცხადის გაკეთების პრეტენზია გქონდეს, ევროკავშირის სტრუქტურებსა და მის წევრ სახელმწიფოებში გავლენიანი კავშირებია საჭირო. როგორც ის ამბობს, “ამას როდესაც აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”,  ეს სასაცილოდ ჟღერს არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის”.

“განაცხადი ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა შეიტანოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ვითარება შესაბამისად არის მომზადებული, ანუ ჩვენ დანამდვილებით გვეცოდინება, რომ ამ განაცხადზე იქნება პოზიტიური გამოხმაურება, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებიდან, ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ამიტომ, არა მხოლოდ ევროკომისიის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება არის. ამას სჭირდება უზარმაზარი დიპლომატიური ძალისხმევა და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ამ დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას შევძლებთ. ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობდა ჩვენი დიპლომატიური სამსახური ენმ-ის მმართველობის დროს და როგორ მუშაობს დღეს იმ პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს გასული 8 წლის მანძილზე, რაც არის დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ ეს პოლიტიკური ვითარება წინასწარ უნდა მომზადდეს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა, თუ წინასწარ 100%-იანი გარანტია არ გვაქვს მიღებული, რომ ამას პოზიტიური დინამიკა ექნება. ჩვენ ამ პოზიტიურ დინამიკას შევქმნით”, — ამბობს ის.

განაცხადის გაკეთებისთვის მომზადებაზე საუბრობს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თეონა აქუბარდიაც. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ეს განცხადება  ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანების კეთილდღეობისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს განცხადება მათი მხრიდან მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

მისი თქმით, დღეს საქართველო იმ შესაძლებლობებსაც კი ვერ იყენებს, რასაც ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აძლევს.

“მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ყოფილა ამ საკითხის წამოწევა სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ აუცილებელია მოხდეს განაცხადის გაკეთება და განაცხადის გაკეთების პროცესის მომზადება, ამასთან დაკავშირებით პოზიცია იყო ყოველთვის თავშეკავებული. განაცხადის გაკეთება არ არის მხოლოდ ის, რომ მე მინდა ევროკავშირის წევრობა, ამისთვის არის შესაბამისი რეფორმები განსახორციელებელი, კანონის უზენაესობა, სასამართლო, დემოკრატიული რეფორმები, კანონმდებლობის ჰარმონიზება. ეს არის სექტორული თანამშრომლობის განვითარება, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც გვაქვს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან მიმართებაში. ეს არის ევროკავშირის ბაზრის გამოყენება საქართველოს მხრიდან, ჩვენ ვიცით, რომ დღეს არასაკმარისად არის ეს ბაზარი ათვისებული, რომლის შესაძლებლობასაც სწორედ DCFTA იძლევა”, — ამბობს ის.

თეონა აქუბარდია გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისათვის შესაბამისი რეფორმების დაჩქარებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ გარდა სექტორული თანამშრომლობისა, ქვეყნისათვის საჭიროა დემოკრატიული რეფორმების და კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაც.  თუმცა, მისი თქმით, “ქართული ოცნების” მისამართით ბრიუსელიდან კრიტიკა სწორედ დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ისმოდა.

“ამიტომ ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა, ეს არის “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნო დაპირება, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” ინიციატივა, ანალოგიური ინიციატივა გვაქვს როგორც ჩვენს პარტიას, ასევე, სხვა ოპოზიციურ პარტიებს”.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება “აბსურდულად” მიაჩნია “ევროპული საქართველოს” წევრს, სერგი კაპანაძეს. როგორც ის აღნიშნავს, ამისათვის სახელმწიფო შესაძლოა 2024 წლამდეც მოემზადოს, ოღონდ იმ ვითარებაში, რაშიც ახლა ქვეყანაა, განაცხადის გაკეთებაზე საუბარი “არაადეკვატურია”.

სერგი კაპანაძე, ევროპული საქართველოს ლიდერი. ფოტო: პარლამენტი

“[განაცხადი] უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, უბრალოდ, ამ ხელისუფლების პირობებში ამ თემაზე საუბარი აბსურდია. როცა ხელისუფლება შეიცვლება და გარდამტეხი ცვლილებების დრო დაიწყება, მერე, ბუნებრივია, პროდასავლური მთავრობა მაგას [განაცხადს] გააკეთებს აუცილებლად 2024 წლისთვის და შეიძლება უფრო ადრეც, მაგრამ ახლა მაგაზე საუბარი არის უბრალოდ არაადეკვატურობა. ახლა ევროკავშირში გაწევრიანება, ქვეყანა იხრჩობა ჭაობში, უმძიმესი მდგომარეობა არის, კრიზისშია და “ქართული ოცნება” ზღაპრებით ატყუებს საზოგადოებას”, — ამბობს ის.

მისი აზრით, “ქართული ოცნების” მხრიდან განაცხადზე საუბარს ევროკავშირში სერიოზულად არავინ აღიქვამს, რადგან ამ გუნდმა პარტნიორებთან ურთიერთობა “გაიფუჭა”.

“ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს ქართველი ხალხის მოტყუებას, სრული ბოდვა არის. ყველას კარგად ესმის, რომ თუკი ვინმემ გააფუჭა ურთიერთობა დასავლეთთან, იყო “ქართული ოცნება” და ახლა მაგათ უნდათ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ ხალხი არჩევნების წინ. არაფერი არ შეუცვლიათ ევროინტეგრაციის გზაზე. არავინ არ აღიქვამს “ქართული ოცნების” განაცხადს სერიოზულად, არცერთი ორგანიზაცია და პოლიტიკოსი”, — ამბობს ის.

ბურთის ევროკავშირის მოედანზე გადატანა

ევროკავშირში გაწევრიანებაზე  განაცხადის თემის წინ წამოწევას არჩევნებს უკავშირებს ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძეც.  მისი აზრით, ეს განცხადება ადრეც უნდა გაკეთებულიყო და ძალიან ლოგიკურია, რომ ქვეყანამ, რომელსაც ამდენი წელია ამბიცია აქვს, ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს ნაბიჯი გადადგას და ამით “ბურთი ევროკავშირის მოედანზე გადაიტანოს”.

როგორც ის აღნიშნავს, 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების დიდი ნაწილი წესით შესრულებული უნდა იყოს და აუცილებელია, რომ  საქართველომ შემდგომ ნაბიჯებზე იფიქროს.

თუმცა, მისი თქმით, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად შეძლებს “ქართული ოცნება” რეფორმების გატარებასა და იმ ჩამორჩენის აღმოფხვრას, რაც,  ზოგადად, ქვეყანას აქვს.

“თუმცა განაცხადის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ ეს კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა პირობა შესრულებულია. შეიძლება რაღაც მიმართულებით გქონდეს წინსვლა, სადღაც გქონდეს ჩამორჩენა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს განაცხადის გაკეთებას. განაცხადის გაკეთებიდან გაწევრიანებამდე ძალიან გრძელი გზააა, რომლის გავლის დროსაც ძალიან ბევრი პრობლემა, რაც ქვეყანას აქვს, უნდა აღმოიფხვრას. განაცხადის გაკეთება ზუსტად ამ პროცესს დააჩქარებს და რეფორმების ერთგვარი კატალიზატორიც შეიძლება გახდეს. ძალიან ბევრი რეფორმა, რომელსაც ახლა საქართველოს ხელისუფლება ატარებს, კეთდება ზუსტად იმის გამო, რომ ეს არის ვალდებულება აღებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად და ეს ძალიან გვეხმარება. მე ვფიქრობ, რომ განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია იგივე სამოქალაქო საზოგადოების ხელში, იგივე ევროკავშირის ხელში, რომ უფრო მეტად მოითხოვოს ქვეყანაში რეფორმების გატარება”, — ამბობს ის.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, შესაძლებლობების ფანჯარა თავისით არ იხსნება, ის საქართველომ თავად უნდა გამოაღოს და გამოიყენოს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გაწევრიანების შესახებ ნაბიჯი თავად საქართველომ გადადგას, რადგან არ არის ქვეყანა, რომელსაც ბრიუსელი თვითონ თხოვდა ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისი თქმით, იმან, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში პოტენციურად შესაძლოა კრიზისი იყოს, საქართველო არ უნდა დააფრთხოს და არ უნდა დაელოდოს იმას, რომ ევროპაში ყველაფერი დაალაგდება.

“იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირში როცა აღარ იქნება კრიზისი, მაშინ გავაკეთოთ ჩვენ განაცხადი, ეს შეიძლება ფუჭი მოლოდინი იყოს. უახლოესი ისტორია, რაც აქვს ევროკავშირს, გვიჩვენებს იმას, რომ იქ კრიზისი ყოველთვის არის. ჯერ იყო ლისაბონის ხელშეკრულების მიღება-არმიღების პროცესი და კრიზისი, რომელიც მას უკავშირდებოდა, შემდგომ იყო ფინანსური კრიზისი, საბერძნეთთან დაკავშირებული პრობლემები, შემდგომ იყო ბრექსიტი, ახლა არის კოვიდ-19… ანუ ის, რომ დაველოდოთ, როცა პრობლემები და გამოწვევები აღარ იქნება… შეიძლება, ძალიან დიდ ხანს მოგვიწიოს ლოდინი და გადავადება”, — ამბობს ის.

იმისათვის, რომ გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება როგორც ბრიუსელში, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ტაბუდადებული თემა არ იყოს, ჩხიკვაძის აზრით, საჭიროა ნელ-ნელა ევროპული ქვეყნების შემზადება, რომ საქართველო ამ საკითხს განიხილავს. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში დისკუსიის დაწყების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომლებსაც ზოგადად ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ.

“ამ შემთხვევაში, ბრიუსელი ერთგვარი მიზიდულობის ცენტრია, თორე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ დედაქალაქები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან მუშაობა, ვისი დარწმუნებაც არის ხოლმე საჭირო იმაში, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთ ქვეყნებთან გაორმაგებული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ის განაცხადი, რაც გაკეთდა, კარგია, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს დისკუსია ამ თემაზე და ამ განაცხადის მიღმა უკვე არსებობდეს კონკრეტული ხედვა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი”, — ამბობს ის.

მარტო თუ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად?

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების სურვილთან ერთად, საინტერესოა,  გაწევრიანების რა სრტატეგია აქვთ იმ პოლიტიკურს ძალებს, რომელთაც განაცხადის გაკეთების ამბიცია გააჩნიათ? რომელი გზა სჯობს საქართველოსთვის — წევრობაზე განაცხადი ცალკე გააკეთოს თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყანასთან, მაგალითად, უკრაინასთან ერთად.

როგორც ვანო ჩხიკვაძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით “მზა რეცეპტი” არ არსებობს და ერთსაც და მეორესაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  დისკუსია და მსჯელობა ამ საკითხებზეც დაიწყოს.

კახა კუჭავას თქმით, იმაზე საუბარი, თუ როგორ გააკეთებს საქართველო განაცხადს, ჯერ ძალიან ადრეა, რადგან წინ ოთხი წელია. თუმცა აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება, თუ საქართველო განაცხადს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად გააკეთებს.

“ჩვენ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გავიარეთ ეს გზა, დიდი ხნის წინ გვაქვს არჩეული, მაგრამ ის, თუ როგორ მოხდება ეს პრაქტიკაში, ამას დრო გვაჩვენებს, რადგან თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებაც ერთად უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ჩვენ გავუსწარით შედეგებით უკრაინას და უკრაინამ მერე მიიღო ის. ამიტომ იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად გავაკეთებთ განაცხადს, მაგრამ ეს დამოკიდებული არის იმაზე, თავიანთ ვალდებულებებს როგორ შეასრულებენ [პარტნიორები] და როგორ შეაფასებს ამას ევროკავშირი. ჩვენ ჩვენი სამოქმედო გეგმა გვექნება და მივყვებით, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი”, — ამბობს ის.

სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინირება მნიშვნელოვნად მიაჩნია სალომე სამადაშვილს, თუმცა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში ჯგუფურ მიდგომას არ ემხრობა. მისი თქმით, ევროკავშირთან მიმართებაში საქართველომ საკუთარი დღის წესრიგით უნდა იმოქმედოს.

“მაგალითად, უკრაინას რაც შეეხება, ჩვენ და უკრაინას გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, აქ ძალიან მჭიდროდ უნდა გვქონდეს კოორდინირება. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს, მე აქ არ ვემხრობი იმას, რომ ჩვენ გვქონდეს ჯგუფური მიდგომა, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი განვითარების დინამიკა და საქართველომ თავად უნდა წარმართოს თავისი ურთიერთობები ევროკავშირთან. უკრაინა, მოლდოვა ან ნებისმიერი სხვა პარტნიორი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მათი წარმატება არის მისასალმებელი და ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ”, — აღნიშნავს ის.

თეონა აქუბარდიას თქმით კი, ის, თუ რომელ გზას აირჩევს საქართველო განაცხადის გაკეთებისას, მომავალი კოალიციური მთავრობის პირობებში უნდა გადაწყდეს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ახალ პარლამენტში კოალიციურად უნდა იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას განსხვავებული სტანდარტები აქვს, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება კოალიციურ რეჟიმში ახალ პარლამენტში მიღებული. მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ რეფორმების განხორციელება, რომელსაც “ქართული ოცნება” არ აეკთებს, გაძლიერდება”, — ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი