ახალი ამბები

თუ მელია, ხაბეიშვილი ან ბოტკოველი არჩევნებს მოიგებენ, პოლიტიკიდან მდინარაძეც წავა

29 ოქტომბერი, 2020 •
თუ მელია, ხაბეიშვილი ან ბოტკოველი არჩევნებს მოიგებენ, პოლიტიკიდან მდინარაძეც წავა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ის უერთდება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან – ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი – რომელიმე ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა.

მდინარაძის თქმით, “ნაციონალურ მოძროაბას” ჰყავს ბოტების ჯგუფი, რომელშიც ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დავალებებს იღებენ. მისი თქმით, სწორედ ამ ჯგუფის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირვლევიე ტურში, 61%-ით იგებდა.

“ეს სისტემა მუშაობს, ფეიკ გვერდები მუშაობენ, ნაცების ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის თითქოს ნიკა მელია პირველივე ტურში 61%-ით იგებს გლდანში არჩევნებს. ეს დასაცინი ამბავია, ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი აღარ არსებობს. ამაზე, მე მგონი, კობახიძემ გაგცათ კარგი პასუხი და შეთავაზებაც ძალაშია. დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი [კობახიძეს] და ვუერთდები ირაკლი კობახიძის ამ დათქმას. ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე”, – განაცხადა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ თუ კობიაშვილი, სუბარი ან ქადაგიშვილი თავიანთ ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, ის პოლიტიკიდან წავიდოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ სამივე მათგანი მოიპოვებდა ამომრჩევლების ხმების უმრავლესობას, კობახიძემ ნიკა გვარამიას მოუწოდა წასულიყო მედიიდან და პოლიტიკიდან.

“მთავარი არხმა” იპსოსის კვლევის პროპორციული ნაწილის შედეგები გუშინ გაასაჯაროვა. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარულ ნაწილში მონაცემების არავალიდურობის გამო შედეგებს მედიით ვერ გაავრცელებდა, თუმცა საკუთარი ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ ინფორმციას “ჩუმად” ავრცელებდა. მისი თქმით, გლდანში ნიკა მელია 61%-ით, სამგორის რაიონში ლევან ხაბეიშვილი 51%-ით, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, გიორგი ბოტკოველი 52%-ით, იგებდნენ არჩევნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი