ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის განაჩენი გირგვლიანის საქმეზე ძალაში დატოვა

4 აგვისტო, 2015 • • 1641
სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის განაჩენი გირგვლიანის საქმეზე ძალაში დატოვა

უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერაა დადასტურებული, რომ ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში, აცხადებს პროკურატურა.

 

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილია დამნაშავედ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით.

 

სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ვანო მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

 

გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 27 იანვარს,  ქ. თბილისში,  კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნახეს.

 

პროკურატურა აცხადებს, რომ მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა შეიტყო, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო  დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას – ,,შარდენბარში“ იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი.

 

იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას, აცხადებს პროკურატურა

გამოძიების ფალსიფიკაციის მიზნით, კუდ-ის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა 2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში, ამის სანაცვლოდ მათ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება, აცხადებს პროკურატურა.

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

გამოძიების ცნობით, მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია, რომელთაგან ორი უკვე შესულია კანონიერ ძალაში. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს, მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის.

 

სასამართლომ ივანე მერაბიშვილის დამნაშავეობის საკითხთან ერთად  ასევე, იმსჯელა ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზეც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ვალერიან მეტრეველის და გერონტი ალანიას მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, აცხადებს პროკურატურა.

 

პროკურატურის ცნობით, 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დავით ახალაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო,  ვამეხი აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი გაიტაცეს და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ვალერიან მეტრეველმა და კუდის სხვა თანამშრომლებმა  ისინი უმოწყალოდ სცემეს.

 

გამოძიების ცნობით, გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი