„ნეტგაზეთი“ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ გიორგი ცხადაიას ესაუბრა ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, ვანო მერაბიშვილის როლზე ქართულ პოლიტიკაში.
— შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გასულ კვირას დააანონსა საქართველოში მთავრობის შესაცვლელად მასობრივი აქციების დაწყება. ასევე, გააკეთა განცხადებები უკრაინის ომზე [„მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს… არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში], რომელმაც გააძლიერა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ომში ჩათრევის საფრთხეზე. რა გავლენა აქვს და აზიანებს თუ არა მერაბიშვილის გააქტიურება კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად ოპოზიციასაც?
— ეს ორი სხვადასხვა საკითხია. „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიულად რამდენად აზიანებს, ჩემთვის ბოლომდე ცხადი არ არის. მერაბიშვილს ჰყავს მომხრეები პარტიის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში პარტიის რაღაც ნაწილმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა იგი. ამის მიუხედავად, გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვით, რომ მას პარტიაში მომხრეები არ ჰყავს ან პარტიაში მასზე ცალსახა პოზიციაა. არ გაგვიგია თვითონ პარტიის ოფიციალური მკაცრი პოზიცია და არ ვიცით ამომრჩევლის განწყობა. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველს, რაღაც ნაწილს ყოველ შემთხვევაში, აქამდე პრობლემა არ ჰქონდა [მერაბიშვილთან].
ზოგადად ოპოზიციის სტრატეგიას, ცხადია, დააზიანებს, იმიტომ, რომ აძლიერებს „ოცნების“ რიტორიკას და ხელს უშლის კონსოლიდირებას. ვანო მერაბიშვილმა სწორად აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა და ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიებს ერთად აღებულს. ამის მიუხედავად, მგონია, შეუძლებელია კონსოლიდირება მოხდეს რომელიმე პარტიის გარშემო, მათ შორის ასეთი ძლიერი პარტიის გარშემო. მერაბიშვილის ფაქტორი დააზიანებს კონსოლიდაციის სურვილს და რაღაც საერთო მიზნის გარშემო მინიმუმ კოორდინირების შესაძლებლობას შეამცირებს.
ამომრჩეველი მრავალფეროვანია და ვიღაცებს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სავარაუდოდ, მოსწონთ ვანო მერაბიშვილი. ის ცენტრალური ფიგურა იყო წლების განმავლობაში და აქამდე მე არ გამიგია ასეთი მწვავე ღია კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, როგორც ბოლო დღეებში გავიგე. ვვარაუდობ, რომ ესეც პარტიის ერთი ნაწილის რეაქციაა და აუცილებელი არ არის, ამომრჩევლის დიდი ნაწილის რეაქცია იყოს. ოპოზიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შუაში მდგომი ამომრჩეველი მიიმხროს და ვანო მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, ვინც ამ ამომრჩეველს რამენაირად მოეწონება.
— როგორც აღნიშნეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთი ნაწილისთვის ვანო მერაბიშვილი საერთოდ არ არის მიუღებელი ფიგურა. არის ამომრჩევლის კიდევ სხვა ნაწილი, ვინც თვლის, რომ მერაბიშვილს კი მოაქვს პარტიისთვის რეპუტაციული ზიანი, მაგრამ ამავდროულად მოაქვს გარკვეული სარგებელიც — ის დიდი ხნის განმავლობაში იყო შს მინისტრი, აქვს კავშირები და შეუძლია,რიგი ადამიანების გააქტიურება პარტიის სასარგებლოდ. რომ გავაანალიზოთ და ამომრჩევლის ამ ნაწილს ვუპასუხოთ: სინამდვილეში მერაბიშვილს სარგებელი მეტი მოაქვს პარტიისთვის თუ ნეგატივი?
— ამომრჩევლის ამ ნაწილის პერსპექტივა, სავარაუდოდ, ის არის, რომ ვანო მერაბიშვილი არის ძლიერი ფიგურა, რომელიც ერთ დროს უკვე იყო პარტიის ლიდერი, შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრიც და, სავარაუდოდ, გარკვეული მართვის და ლიდერობის უნარები აქვს, რაც ნაწილობრივ მართალია. მაგრამ რეპუტაციული ზიანი, რასაც იღებენ ამ ადამიანის ასე გააქტიურებით, ჩემი აზრით, გადაწონის იმ სარგებელს ან უნარებს, რაც ამ ადამიანს აქვს. ის პარალელურად ასოცირდება გირგვლიანის საქმესთან და სხვა საქმეებთან, რამაც მისი რეპუტაცია საგრძნობლად დააზიანა და ენმ მის მემკვიდრეობას არ გამიჯვნია. ანუ, სარგებელს მეც ვხედავ იმაში, რომ მერაბიშვილი არის გამოცდილი, ლიდერობის უნარის მქონე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შს მინისტრი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანი ბევრად მეტია და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ასე იქნებოდა.
— „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კეზერაშვილი ერთგვარი „სეკრეტ სანტაა“, რომელმაც „ოცნებას“ აჩუქა ხაბეიშვილი და მერაბიშვილი და ეს უკანასკნელი ყოველი გამოჩენით ეხმარება ხელისუფლებას. თქვენ თუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ვანო მერაბიშვილი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს?
— დიახ. მე არ ვამბობ, რომ ვანო მერაბიშვილი „ოცნების“ დაკვეთით მუშაობს ან რაღაც ამდაგვარი. სავარაუდოდ, უფრო თავის აზრებს აჟღერებს, მაგრამ „ოცნებას“ ეს უფრო აძლიერებს, ვიდრე ასუსტებს. გადამწყვეტი ბრძოლა ახლა არის, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიემხროს ოპოზიციას და ვანო მერაბიშვილით ეს ვერ მოხდება. საქართველოში პოლიტიკოსებს, როგორც წესი, ურჩევნიათ ხოლმე, შიდაპარტიული სიმტკიცე წინ დააყენონ და უკან — საერთო ინტერესები. აქაც, ალბათ, რიგითი ასეთი შემთხვევაა.
— კრიტიკული გამოხმაურებების შემდეგ, თავად მერაბიშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გაავრცელეს განცხადებები და თქვეს, რომ ვანო მერაბიშვილი არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს. რამდენად დამაჯერებელია ეს გამიჯვნა, რომელიც მერაბიშვილის მხოლოდ ახლანდელ განცხადებებს შეეხება და არა მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას?
— დამაჯერებელი არ არის პირველ რიგში იმიტომ, რომ აქამდე არასდროს ყოფილა მსგავსი გამიჯვნა და ვანო მერაბიშვილი ყოველთვის ასოცირდებოდა ამ პარტიასთან. ახლა უცებ გამიჯვნა, რომ ის არ წარმოადგენს პარტიას, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი მხარდამჭერისთვისაც, ალბათ, ცოტა მოულოდნელი უნდა იყოს. როდის აქედან არ წარმოადგენს? ყოველთვის წარმოადგენდა…
— ენმ-ის ზოგიერთმა წევრმაც (ხატია დეკანოიძე, ბაჩო დოლიძე) გააკრიტიკა მერაბიშვილის განცხადებები. თუ ის გააგრძელებს აქტიურობას, ხომ არ ხედავთ საფრთხეს, რომ პარტიის შიგნით გაღრმავდეს ნაპრალები, რომლებიც მელია-ხაბეიშვილის არჩევნებისას გაჩნდა და მეტიც, დაპირისპირების ახალი კერებიც გაჩნდეს?
— თავისთავად ასე მოხდება. თუ მერაბიშვილი გააგრძელებს აქტიურობას, ეს ნაპრალი კიდევ უფრო გაფართოვდება.
— ამ გადასახედიდან ნიკა მელიას სად ხედავთ? მან კი თქვა, რომ ენმ-ში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით პარტიულ პროცესებში არ ჩანს, რომ დიდად ჩართულია. როგორ ფიქრობთ, დაპირისპირების იმ მასშტაბის ფონზე, რასაც პარტიაში ვხედავთ, არის შესაძლებელი, რომ მელია 2024 წლის არჩევნებისთვის ენმ-ში იყოს? თუ უფრო მოსალოდნელია მისი ნელ-ნელა გვერდით გადაწევა პარტიული საქმიანობიდან.
— თვითონ მელია რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ რა შანსები აქვს, შემიძლია გითხრათ. ყველაზე კარგი შანსია, რომ შეინარჩუნოს ის ამომრჩეველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ჰყავდა და თვითონ მისი მხარდამჭერები გაჰყვნენ იმ მიმართულებით, რომ ვიღაცებს გაემიჯნოს ან რაღაცები გადააფასოს. სათუოა, ეს ამომრჩეველი გაჰყვება თუ არა, თუ მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყოფა. მე არ მგონია [რომ გაჰყვება] და ვფიქრობ, არც თვითონ არის დარწმუნებული. შესაბამისად, მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში რამე რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს. დარწმუნებული რომ იყოს, აქამდეც გავიდოდა. ვფიქრობ, პარტიის ამომრჩეველიც დაბნეულია.
— შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი, ერთგული ამომრჩეველი არ გაჰყვეს, მაგრამ ე.წ. შუაში მდგომი ამომრჩევლის მოზიდვის შანსი მელიას მეტად აქვს, ვიდრე მერაბიშვილს?
— შუაში მდგომ ამომრჩეველზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი არ არის ყველაზე მიმზიდველი კანდიდატი არსებულ პოლიტიკურ ბაზარზე. შუაში იმიტომ დგას ამომრჩეველი, რომ „ნაციონალური მოძრაობასთან“ აქვს პრობლემა. ბევრად ნაკლებია შანსი, რომ ენმ-ის ყოფილ პოლიტიკოსს გაჰყვნენ, ვიდრე ნებისმიერ სხვას, მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს… ეს არის მელიას დილემა. მე მგონია, მას აქვს შანსები იმიტომ, რომ პოპულარული ფიგურაა. საერთო ჯამში, თავისი პარტიის თითქმის ნახევარს და პლუს შუაში მდგომი ამომრჩევლის ნაწილსაც ესიმპათიურება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად კონვერტირდება პოლიტიკურ კაპიტალად.
— მერაბიშვილის განცხადების კვალდაკვალ, რომ ენმ-ის ახალი ხელმძღვანელობა აპირებს, „გააგრძელოს ბრძოლა“, მათ შორის ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მართლაც დააანონსა აქცია 9 აპრილს. რა პერსპექტივა აქვს ამ აქციას და ზოგადად, როგორ უყურებთ ამჟამინდელი მენეჯმენტის ამბიციებს, გააქტიუროს ქუჩის აქციები?
— კიდევ იგივე განსხვავებას გავუსვამ ხაზს, რომ ამას შეგვიძლია შევხედოთ, ერთი მხრივ, შიდაპარტიული და, მეორე მხრივ, ზოგადი ოპოზიციური გადმოსახედიდან. შიდაპარტიული გადმოსახედიდან ახალი მენეჯმენტი რასაც აკეთებს, ეს არის გააქტიურება წინასთან შედარებით. თითქოს მეტად ცდილობს შიდაპარტიული დღის წესრიგისთვის ბრძოლას, იქნება ეს ხშირი აქციების გამართვა თუ სააკაშვილის თემის გარშემო ტრიალი. მაგრამ ეს შიდაპარტიული დღის წესრიგი მთლიან ოპოზიციურ დღის წესრიგთან მოდის კონფლიქტში. იმისთვის, რომ შიდაპარტიული ამომრჩეველი იყოს გახარებული, ურჩევნია, რომ სხვა პარტიების ამომრჩეველი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი არ იყოს გახარებული. მელიას ჰქონდა შუალედური პოზიცია და ხაბეიშვილი ამას არ აკეთებს. დაკვეთაც, ალბათ, ეს იყო — ლევან ხაბეიშვილი იმიტომ აირჩია პარტიის ამომრჩეველმა, რომ უნდოდა, ახალ თავმჯდომარეს მეტად გაემახვილებინა ყურადღება პარტიის ამომრჩეველზე. რაც დაუკვეთა [ამომრჩეველმა], იმას აკეთებს.
— მაგრამ,მიზანი თუ ხელისუფლების შეცვლაა, შიდაპარტიული დღის წესრიგი და რესურსი რამდენად არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად?
— აბსოლუტურად არ არის საკმარისი. პირიქით, კონტრპროდუქტიულია და ამით საერთო საქმე ზარალდება.