ახალი ამბები

ვაშაძე ამბობს, რომ ალიანსის შექმნამდე მერაბიშვილსა და კეზერაშვილს არ შეხვედრია

20 ივლისი, 2023 •
ვაშაძე ამბობს, რომ ალიანსის შექმნამდე მერაბიშვილსა და კეზერაშვილს არ შეხვედრია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, რომელმაც დღეს ენმ-სთან ალიანსი შექმნა, ამბობს, რომ კონსულტაციები არ ჰქონია ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან.

ალიანსის პრეზენტაციის შემდეგ ამ საკითხზე მან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს უპასუხა გადაცემა “რეაქციაში” .

გრიგოლიას კითხვაზე, შეხვდა თუ არა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ან ყოფილ თავდაცვის მინისტრ, “ფორმულას” ერთ-ერთ მფლობელ დავით კეზერაშვილს ალიანსის შექმნამდე, ვაშაძემ უპასუხა, რომ “არა”.

“ვინც ნაციონალურ  მოძრაობაში ყოფილა,  ყველამ იცის,  რომ ეს არის მიშას  [სააკაშვილის] პარტია და საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას აქვს  ჩრდილოვანი გავლენა, ასე არ არის. მიშას იდეოლოგიით არის ეს პარტია. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მიშას პარტია”, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა:

“ვანო მერაბიშვილი ბოლოს ვნახე, ციხიდან რომ გამოვიდა, კეზერაშვილი ბოლოს როდის ვნახე, არც მახსოვს”.

მისი თქმით, ალიანსის შექმნაზე ესაუბრებოდა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ვაშაძემ ასევე არ უპასუხა კითხვას, ვინ იქნება ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

“გამარჯვების პლატფორმა”- ასე ჰქვია ალიანსს, რომელიც 20 ივლისს ენმ-მ  და “სტრატეგია აღმაშენებელმა” შექმნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი