ახალი ამბები

კომისიამ პრემიერს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 2 კანდიდატურა წარუდგინა

3 ივნისი, 2019 • 2432
კომისიამ პრემიერს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 2 კანდიდატურა წარუდგინა

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.

აქედან ერთი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი 2012-16 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, ლონდა თოლორაია კი დღემდე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია.

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://www.hr.gov.ge/) გამოცხადდა. კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. განაცხადი სულ 48 პირმა გააკეთა.

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპი იყო კონკურსანტების მიერ წარდგენილი განაცხადებების  გადარჩევა, ხოლო მეორე – კონკურსანტებთან გასაუბრება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდა კანდიდატების შესაბამისობა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს 48 კანდიდატიდან მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა.  შესაბამისად, ისინი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პირველ ივნისს კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე დაიბარა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პირველ ივნისს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პარლამენტის ერთი წევრი, მაგრამ გასაუბრება მაინც შედგა, ვინაიდან გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის წევრთა უმრავლესობა. თუმცა კომისიის წევრმა და საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ ჯერ კიდევ 31 მაისს განაცხადა, რომ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებდა და ამის მიზეზებიც განმარტა. სალაძე მიიჩნევს, რომ კანდიდატებიდან, რომლებმაც განაცხადი წარადგინეს, კრიტერიუმებს მხოლოდ ლონდა თოლორაია აკმაყოფილებდა, თუმცა, რადგან კანონის თანახმად, კომისიამ პრემიერ-მინისტრს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი უნდა წარუდგინოს, კომისიას კიდევ ერთი კონკურსის ჩატარებას სთავაზობდა.

გიორგი ბურჯანაძემ კი მთავრობის ადმინისტრაცია სიცრუეში დაადანაშაულა. “კომისია წინასწარ შევთანხმდით, რომ გასაუბრება უნდა გვქონოდა 31 მაისს. უცებ გაირკვა, რომ დავით სერგეენკოს აღარ ეცალა (ინტერპელაციას დაემთხვა) და გადადეს. პროცესს აორგანიზებდა მთავრობის ადმინისტრაცია. გადადებისას დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, თუ გვეცალა პირველში, დილის 9-ზე. ეს ისეთი დრო იყო, როცა ობიექტური მიზეზის გამო ფიზიკურად არ ვიქნებოდი და ვითხოვე სხვა დროს ჩანიშნულიყო სხდომა. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს. დღეს კი პრესრელიზი დადეს, სადაც წერენ, რომ ” პირველ ივნისს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე”… ძვირფასო მთავრობის ადმინისტრაციავ, ეგ არის ტყილი, რასაც ავრცელებთ. მე კი არ გამოვცხადდი, თქვენ და კომისიის უმრავლესობამ ისე დაგეგმეთ სხდომა არასამუშაო დროს, რომ მე ვერ დავესწარი და ახლა იქით მადანაშაულებთ”, – წერს ბურჯანაძე Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გადასული 7 კანდიდატიდან გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი წარედგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი