ახალი ამბები

“არღვევს პატიმრის უფლებას”  — თოლორაიას ორგანიზაცია სააკაშვილის კადრებზე

15 დეკემბერი, 2022 • 783
“არღვევს პატიმრის უფლებას”  — თოლორაიას ორგანიზაცია სააკაშვილის კადრებზე

ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრი”, რომელიც ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დააფუძნა, პენიტენციურ სამსახურს აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო.

განცხადების მიხედვით, მსგავსი ჩანაწერის გავრცელება “არ ემსახურება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს”, “არღვევს პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას” და მისი ჯანმრთელობის “კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს” წარმოშობს.

საუბარია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრებზე, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.

საპასუხოდ “კანონის უზენაესობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მართლაც არსებობს, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის საკმარისი პერსონალური მონაცემის გასაჯაროებისთვის.

“პირის თანხმობით პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაშიც კი უნდა შეფასდეს, რამდენად პროპორციული და ადეკვატურია საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის კონკრეტული ფორმით, შინაარსით, მოცულობით და შერჩეული საშუალებით გავრცელება”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კადრებში ასახულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან სხვა საგამონაკლისო შემთხვევაშია შესაძლებელი. ამასთან, პაციენტი ასახულია “ძალიან პირადულ ფორმაში”, მათ შორის, არ აქვს დაფარული სხეულის გარკვეული ნაწილები:

“ასეთ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარდგენა (იმის გათვალისწინებითაც, რომ მის მიერ სასჯელის მოხდის პირობებისა და მკურნალობის მიმართ მიპყრობილია საერთაშორისო ყურადღებაც) უნდა იქნას მიჩნეული მისი ღირსების შელახვად”.

ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლით ამ ჩანაწერის გასაჯაროება მაშინ, როცა პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით არ/ვერ უზრუნველყოფს მის დასწრებას სასამართლო სხდომებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ჩანაწერის გასაჯაროება არ ემსახურება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს.

“გასაჯაროებული კადრების შინაარსი ვერ პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის ან/და მოწამვლის ფაქტის უარყოფის შესახებ საზოგადოებაში არსებული ინტერესის დაკმაყოფილების მიზანს.

ამასთან, მათი გასაჯაროებისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერზე თანდართული ტექსტი ცხადყოფს, რომ აღნიშნული კადრების (ამ ფორმით, მოცულობით, სახით) გასაჯაროება არ ისახავდა მიზნად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“კანონის უზენაესობის ცენტრი” ახსენებს 2021 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტს, როცა სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდარღვევად ცნო პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის კიდევ ერთი ვიდეოს გავრცელება და დააჯარიმა კიდეც უწყება. მაშინ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა ლონდა თოლორაიას ეკავა.

მოგვიანებით, სასამართლომ გააუქმა ინსპექტორის ეს გადაწყვეტილებები, რამაც, “კანონის უზენაესობის ცენტრის” შეფასებით, წაახალისა სპეციალურ პენიტენციური სამსახური და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იმოქმედონ საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტების დარღვევით ყოველთვის, როცა ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან.

“შესაბამისად, სისტემური ხასიათი მიიღო ვიდეოკადრებით მანიპულირებამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებამ”, — დასძენს თოლორაიას მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია.

მისივე შეფასებით, სხვა ფაქტორების გარდა, მსგავსი ჩანაწერების გავრცელება აყალიბებს უნდობლობას პენიტენციურ სამსახურსა და მსჯავრდადებულს, ასევე პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო მუშაკებს შორის.

14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებამდე 1 დღით ადრე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ „თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდებოდა სიმულაციური ქმედებები, კადრები გასაჯაროვდებოდა“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

ამავე თემაზე:

პენიტენციურმა სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა

მასალების გადაბეჭდვის წესი