ახალი ამბები

შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს ტელეფონის ნომრები — თოლორაია

28 ნოემბერი, 2022 • 1716
შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს ტელეფონის ნომრები — თოლორაია

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის მიერ კრიტიკული კომენტარების ავტორების ტელეფონის ნომრების მოპოვებას და გამოყენებას.

თოლორაია განმარტავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლის მიერ ამ კანონის დარღვევის/არდარღვევის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვერ იმსჯელებს.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება (ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას). ჟურნალისტის ეს ქმედება არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრის გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს“, — მიიჩნევს თოლორია.

თოლორაიას თქმით, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები — ტელეფონის ნომრები.

„სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე. სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს არაერთხელ დაუდგენია ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების უკანონოდ სხვისთვის გადაცემის ან/და პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტი“, — წერს თოლორაია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის „იმედის“ ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტს. საქმე ეხება მარიკა ბაკურაძის სიუჟეტს, რომელიც „იმედის“ ეთერში დღეს გავიდა. გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკა სოციალურ ქსელში მოქალაქეების შეურაცხყოფას ეხებოდა. რუბრიკისთვის ბაკურაძემ სიუჟეტი გააკეთა, რომლის დროსაც ჩამოურეკა იმ მოქალაქეებს, ვინც კრიტიკის შემცველი კომენტარები დაწერეს მისი სხვა მედიაპროდუქტების ქვეშ.

„იმედის“ სიუჟეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

მასალების გადაბეჭდვის წესი