საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 წევრის (კანდიდატის) ვინაობა უკვე ცნობილია. შესარჩევმა კომისიამ 20 მაისს შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა მხარი: ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, მაიკლ რიდლი, დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენი. კანდიდატები საბჭოს წევრებად საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

საპენსიო სააგენტო კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ასაჯაროებს, თუმცა ნეტგაზეთმა შერჩეული კანდიდატების სია საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთი წევრისგან, ზურაბ ჭიაბერაშვილისგან მიიღო.

საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი, დავით წიკლაური 2019 წლის აპრილამდე საქართველოს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცრის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში. წიკლაურის მიერ ბანკის დირექტორთა საბჭოს დატოვების შესახებ ინფორმაცია თავად საქართველოს ბანკმა 2 აპრილს გაავრცელა. წიკლაური სხვადახვა პერიოდში თიბისი ბანკშიც მუშაობდა. ის სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ლონდონის ბიზნესსკოლაში მიიღო.

ტიმო ვიჰერკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ოფიცერია. ის სხვადასხვა წელს ფინეთის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2015 წლიდან ქვეყნის საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობს. რაც შეეხება განათლებას, ვიჰერკენტას დოქტორის აკადემიუერი ხარისხი ჰელსინკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

მაიკლ რიდლი ამ დროითვის ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია. 2015 წლამდე ის იყო J. P. Morgan-ის ლონდონის წარმომადგელობაში დირექტორის მოადგილე. რიდლს დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი.

ოლივიე რუსო საფრანგეთის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ფონდის დირექტორია. მისი მთავარი ფუნქცია ფონდის საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირდება. ის ასევე მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ლონდონის ფილიალში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საფრანგეთის ხაზინაში.  რაც შეეხება განათლებას, რუსო სწავლობდა ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში მარსელის უნივერსიტეტში მიიღო.

ჟან-ფრედერიკ პოლსენი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მრჩეველი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოს კანდიდატად შეარჩიეს, ეს თანამდებობა დატოვა. თურნავას გარდა, ეკონომიკის წინა ოთხი მინისტრის მრჩეველიც იყო. მის მოვალეობებში შედიოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მონიტორინგი და სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელთა შერჩევაში მონაწილეობა. პოლსენი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის, ISET-ის მმართველი საბჭოს წევრია. ფინანურ მენეჯმენტს პარიზის ევროპულ ბიზნესსკოლაში სწავლობდა. ფინანსებსა და ბუღალტერიას სწავლობდა ასევე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

შესარჩევი კომისია მიღებულ  განცხადებებს განიხილავს, კანდიდატებთან ხდება გასაუბრებაც. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. საინვესტიციო საბჭომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.

საინვესტიციო საბჭოს ხუთივე წევრის ანაზღაურება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან, ანუ საპენსიო დანაზოგებიდან მოხდება. ამასთან, საინვესტიციო საბჭოს წევრების მიერ არჩეული თავმჯდომარე სამ მინისტრთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოშიც შევა, რომელიც სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა.

საპენსიო სააგენტოში ჯერ არ ამბობენ, რამდენი იქნება საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი, თუმცა, უწყების ინფორმაციით, ანაზღაურება ინდივიდუალურად წევრებთან მოლაპარაკების გზით განისაზღვრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.