ახალი ამბები

კანონპროექტი: ყველა საპენსიო ბენეფიციარი დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე ავტომატურად დარჩება

26 აგვისტო, 2023 • 2275
კანონპროექტი: ყველა საპენსიო ბენეფიციარი დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე ავტომატურად დარჩება

დაგროვებით საპენსიო სისტემაში მყოფი პირებისთვის რისკების მიხედვით შედგენილი პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა და შესაბამისი კანონპროექტის მიღებაც დააანონსა.

მისივე თქმით, მაღალრისკიანი დანაზოგი არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება, თუმცა „მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია”.


საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა.

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ამ დროისთვის გადანაწილებულია მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში.

საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეებს 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ ვადა, რათა მათ თავიანთი დანაზოგი მათთვის სასურველ რომელიმე პორტფელში გადაიტანონ ან გადაანაწილონ რამდენიმეში [ორ-სამ პორტფელში].

„6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცათ 1-თვიანი ვადა [6 სექტემბრის ჩათვლით], რა დროსაც მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად.“ – აცხადებენ სააგენტოში.

თუ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში სქემის მონაწილეები არჩევანს არ გააკეთებენ, მათი საპენსიო დანაზოგი, ასაკის მიხედვით, პორტფელებში შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ [მაღალრისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
  • სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ [საშუალორისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
  • ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ [ნაკლებადრისკიან] საინვესტიციო პორტფელში.

საინვესტიციო პორტფელის არჩევა სქემის მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია [my.pensions.ge], ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერა; ასევე იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოში.

 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/491700/

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი