ახალი ამბებიეკონომიკა

საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ 3.5 მილიონის ობლიგაციები შეისყიდა

5 დეკემბერი, 2022 • 2708
საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ 3.5 მილიონის ობლიგაციები შეისყიდა

საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ 3.5 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები შეისყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიამ, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რომელთა 10% სააგენტომ შეისყიდა.

საპენსიო სააგენტოს თქმით, ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა ეროვნულ ვალუტაში, რაც “კომპანიას საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს სავალუტო რისკებს”. საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

„ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3- თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB- დონით განისაზღვრა“, – წერია განცხადებაში.

სააგენტოს თქმით, ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. სააგენტოს განცხადებით, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ობლიგაციების მიმართ დაფიქსირდა მაღალი ინტერესი, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, ლარის დამატებითი რესურსი ხელმისაწვდომ ფასში მოიზიდოს:

„პირველ რიგში, მინდა კომპანია „ნიკორას“ მივულოცო მორიგი წარმატებული ემისია, რაც მეტყველებს კომპანიის მდგრად განვითარებაზე და ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობაზე. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტის და თიბისი კაპიტალის გუნდებს ასეთი ეფექტური მუშაობისთვის და აღნიშნული განთავსების წარმატებულად დასრულებისთვის.

მოხარული ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსებაში, რაც უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს. ეს არის ჩვენი პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე, რომელსაც ჩვენ მუდამ ვაკვირდებით და, როგორც მოსალოდნელი იყო, ვხედავთ მის გააქტიურებას, განსაკუთრებით, ახალი ემისიების ნაწილში.

იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გარკვეული სტიმული იქნება ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი