ახალი ამბები

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭო წიკლაურმა და კუკულაძემ დატოვეს

2 აპრილი, 2019 • 2779
საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭო წიკლაურმა და კუკულაძემ დატოვეს

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია. გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი დავით წიკლაურმა და რამაზ კუკულაძემ დატოვეს. ნეტგაზეთს ბანკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ ისინი საქმიანობას.

დავით წიკლაური ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსურ დარგში 2017 წლის სექტემბერიდან მუშაობდა. წიკლაურს ამ პოსტზე სულხან გვალია ჩაანაცვლებს. ის მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკებსა (2005-2012) და  კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებას (2012-2016) ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესსა და SOLO საბანკო მომსახურებების მიმართულებას, რომელსაც რამაზ კუკულაძე ხელმძღვანელობდა, ცვლილების შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესი და SOLO ცალკე მიმართულებებად გაიყოფა. ბიზნესის მიმართულებას  ზურაბ მასურაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ხოლო SOLO ბიზნესმიმართულებას ეთუნა ირემაძე ჩაუდგება სათავეში. ის  საქართველოს ბანკში, წლების განმავლობაში, კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში VIP დირექტორის და SOLO-ს მიმართულებით პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

კომერციული ბანკის ინფორმაციით, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ვასილ ხოდელს გიორგი ფაილოძე ჩაანაცვლებს. თუმცა ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დავითს და რამაზს იმ თავდადებისა და უდიდესი წვლილისთვის, რაც კომპანიის განვითარებაში, წინსვლასა და სულ სხვა საფეხურზე აყვანაში შეიტანეს. მოხარული ვარ დავასახელო საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა. მოხარული ვარ, რომ ბანკს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, და ასევე წაახალისოს ის ადამიანები, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში უდიდესი წარმატების გზა აქვთ გავლილი,”-აცხადებს გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

დირექტორთა საბჭოში ცვლილებების შესახებ საქართველოს ბანკმა ინფორმაცია დღეს, 2 აპრილს გაავრცელა. ეს ცვლილებები საჯარო რეესტრში ჯერ არ ასახულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი