ახალი ამბები

გვარამიას განცხადება სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი შეურაცხყოფაა – იუსტიციის სამინისტრო

27 მაისი, 2019 • 879
გვარამიას განცხადება სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი შეურაცხყოფაა – იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო “მძიმე ბრალდებასა” და “ცარიელ ემოციებზე” აგებულს უწოდებს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე გავლენის მოხდენას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.

ეს ბრალდება ხელისუფლებას რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 25 მაისს წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას.

 

“ნიკა გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის ძალიან მძიმე ბრალდება და წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი წარმომადგენლის – იუსტიციის სამინისტროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას, მით უმეტეს, რომ ცარიელ ემოციებზე აგებულ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყოლია.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გმობს ტყუილს, რომელიც არხის დირექტორმა გაავრცელა და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზებისაგან, რადგან დავის ერთ-ერთი მხარის ამგვარი თავდასხმა მოპასუხე მხარესა და დავის განმხილველ სასამართლოზე ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებსა და ევროპული კონვენციის სულისკვეთებას”, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტრო ასევე ამბობს, რომ ის, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და მოპასუხე მხარე, მშვიდად ელოდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ მიმდინარე საქმეზე დაკისრებულ დროებით ღონისძიებას და ასევე შევასრულებთ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია სამინისტროს 27 მაისის განცხადებაში.

ნიკა გვარამიამ 25 მაისს თქვა, რომ ტელეკომპანიას აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. გვარამიას განცხადებით, მან ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში არსებული “წყაროებიდან” მიიღო. გვარამიამ სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვა ჭანტურიას აცილება ტელეკომპანიის საქმეზე.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ:

აცილებას ვუცხადებთ საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგში – გვარამია

მასალების გადაბეჭდვის წესი