ახალი ამბები

„გულდასაწყვეტი იქნება, თუ სხვისგან გავიგებ“ — გვარამია ნაყოფიას ენმ-ის მენეჯმენტში შესაძლო დაბრუნებაზე

2 აპრილი, 2024 • 1483
„გულდასაწყვეტი იქნება, თუ სხვისგან გავიგებ“ — გვარამია ნაყოფიას ენმ-ის მენეჯმენტში შესაძლო დაბრუნებაზე

პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არ იცის, გეგმავს თუ არა კობა ნაყოფია „ერთიანi ნაციონალურ მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელი გახდეს.  გვარამია აღნიშნავს, რომ „უცნაური და გულდასაწყვეტი იქნება“, თუ ეს მოხდება და თავად ამის შესახებ სხვისგან გაიგებს.

გვარამიამ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ გააკეთა ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტმა გვარამიას უთხრა, რომ „პირველების“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ პარტიის ბორდის ხელმძღვანელობა ჩაიბაროს:

„ვეცდები ავხსნა. რომ გითხრათ, ყველა ინფორმაციას ვფლობ ამ მიმართულებით — ასე არ არის. მე ეს ამბავი კობასგან არ გამიგია. უცნაური და გულდასაწყვეტი იქნება, თუ ასეთი ამბავი ხდება და მე სხვისგან გავიგებ. მე მგონია, რომ ეს არ მოხდება, ამაზე პასუხი კობამ უნდა გასცეს. მე გეტყვით გულწრფელად, ყველას არჩევანია, რას იზამს. შეიძლება ერთი წელი იძახო, რომ ეს ხაბეიშვილის პარტია გახდა და ჩემთვის იქ საინტერესო არ არის და მერე ხაბეიშვილის პარტიაში, როგორც შენ ეძახდი, მოხვდე ისევ.

ეს შეიძლება მოხდეს, ქართულ პოლიტიკაში — ეს მომხდარა. კობას შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, მაგრამ მე არ ვიცი, ეს მისი არჩევანია. კობას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ზოგადად ვამბობ ამას. რას იზამს კობა, ან რას იზამს სხვა ადამიანი, არ არის ჩემი გადასაწყვეტი და ვერანაირად იქონიებს გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე. ჩემი და ნიკას გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილია — ჩვენი პარტიის სახელია „ახალი“ და მისი ნომერია 4“, — ამბობს ნიკა გვარამია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ ჯერ თავმჯდომარის პოსტი, მოგვიანებით კი, 2023 წლის თებერვალს, პოლიტსაბჭო დატოვა. ის შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ,  ისე დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა და გაანაწილეს პარტიული თანამდებობები, რომ პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს.

„მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს, რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს.

რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით, თურმე იმიტომ, რომ პარლამენტის კვოტით მეკუთვნის. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური… ასეთი ადამიანები როცა იქ არიან, მე იქ არაფერი არ მესაქმება“, – ამბობდა კობა ნაყოფია.

მასალების გადაბეჭდვის წესი