ახალი ამბები

გვარამიას თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

28 მარტი, 2024 • 1097
გვარამიას თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

პარტია „ახალის“ თანადამფუძენებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, გადაწყვიტა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს:

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული“, — აცხადებს ნიკა გვარამია.

ამ თემაზე წაიკითხეთ: სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი – გვარამია

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომაც დაუშვებლად ცნო.

2023 წლის 22 ივნის ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი