ქობულია ამბობს, რომ ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრისთვის გადაცემას ემხრობოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგო ქობულიას თქმით, მას სურდა, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი კერძო კომპანიას ჩამორთმეოდა და მმართველობაში სიმფონიურ ორკესტრს გადასცემოდა. ამის შესახებ ქობულიამ დღეს, 15 მაისს, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ქობულია განმარტავს, რომ ისეთ პატარა ქვეყნაში, როგორიც საქართველოა, საკონცერტო დარბაზი კომერციულად მომგებიანი არ არის, შესაბამისად, მმართველ კომპანიას თანხის გადახდა უჭირდა.

“კვლევამ, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, აჩვენა, რომ ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზები ძალიან რთულია, კერძო სექტორის მიერ იყოს მართული. ასეთი ტიპის დარბაზები ან სახელმწიფოს საკუთრებაშია, ან სახელმწიფო დოტაციას ახორციელებს. ჩვენს ქვეყანაში რამდენი ბილეთი უნდა გაიყიდოს, რომ კომერციულმა სექტორმა ის ამუშაოს?! ჩემი აზრით, ის უნდა გადასცემოდა სახელმწიფოს და ჩემი პირადი აზრი იყო, რომ ის გადასცემოდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმის, სადაც მე განსხვავებული ხედვა მქონდა “, – განაცხადა ქობულიამ პარლამენტში საუბრისას.

ამავე თემაზე:

“რაჭველს დაემართა გიგანტომანია” – რატომ არ სურთ ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.