ახალი ამბები

“რაჭველს დაემართა გიგანტომანია” – რატომ არ სურთ ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემა

27 მარტი, 2019 • 2924
“რაჭველს დაემართა გიგანტომანია” – რატომ არ სურთ ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემა

განთლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ რაჭველს განდიდების მანიით შეპყრობილს უწოდებს. გიორგაძემ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც სიმფონიურმა ორკესტრმა ფილარმონიის ორკესტრის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.

“ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია. 15 მლნ ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მლნ ევრომდე მოვიდა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად. ეს სრულად არაადეკვატურია და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს იყოს დაჩაგრულ პოზიციაში,” – აცხადებს გიორგაძე.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიმართავს როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე – განათლებისა და ეკონომიკის მინისტრებს ფილარმონიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით. ისინი ირწმუნებიან, რომ  საჯაროდ წარმოადგენენ ფილარმონიის სამომავლო განვითარების პროფესიული ხედვას. სახელმწიფო ორკესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უკვე წლებია, ორკესტრს შენობა არ გააჩნია.

“ჩვენ ვშრომობთ ჩვენი ქვეყნისა და მსმენელისთვის და არ გვინდა, მრავალწლიანი შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდეს იმედი, არ გვინდა, კიდევ ერთხელ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ჩვენთვის საკონცერტო სივრცით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო, ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობისგან ვიგრძენით ყურადღება, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების განახლებისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფით გამოიხატა, რისთვისაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გულწრფელ მადლობას ვუხდით.

ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ეროვნული ორკესტრის მხარდასაჭერად, მოგმართავთ თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილოთ ჩვენი წინადადება, რათა შევძლოთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულება და ერთგული მსმენელისთვის მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამების შეთავაზება. გთხოვთ, დაუბრუნოთ ასწლოვანი ისტორიის მქონე კოლექტივს თბილისის ფილარმონია, რომელიც 1969 წელს ჩვენი იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსი მაჭავარიანის ძალისხმევით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა,” – წერია განცხადებაში.

“პალიტრის” ეთერში საუბრისას ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ მიხეილ გიორგაძე ფილარმონიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში არის მხარე, რადგან საკონცერტო დარბაზის მმართველი კომპანიის წარმომადგენლები გიორგაძის მეგობრები არიან.

“ვნახე მიხეილ გიორგაძის განცხადება, რომელმაც აღმაშფოთა. არ მინდა, მთელ ამ ამბავში ვიღაცაზე და, მით უმეტეს, მიხეილ გიორგაძეზე რაიმე ნეგატიური ვთქვა, ვინაიდან მე მას პატივს ვცემ და მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ის, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე, ვალდებულია, დადგეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გვერდით და იმ იდეების გვერდით, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით,” – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.


13 მარტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადება გაავრცელა, სადაც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოს მართვაში დაბრუნება მოითხოვა. ორგანიზაცია ამის მიზეზად მმართველი კომპანიის მიერ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

საიაში აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს  ინტერნეიშენალ ივენთს  სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით, 3 115 146 ლარის და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება. დავალიანების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საია-ს ინფორმაციით, 2019 წლის 4 იანვარს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა შპს “ინტერნეიშენალ ივენთს” და აცნობა, რომ სააგენტო იყენებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების “6.2.” პუნქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა. ორგანიზაციის შეფასებით, იურიდიულად, შპს “ინტერნეიშენალ ივენთსთან”  ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვრიდან არის შეწყვეტილი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში საიას ამ შეფასებას არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულება შეწყვეტილად. ნეტგაზეთს უწყებაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სააგენტო სწავლობს იმ მიზეზებს, რის გამოც შპს “ინთერნეიშენალ ივენთსმა” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ქონების მართვის სააგენტოში ამ ეტაპზე ვერ ამბობენ, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის/გაგრძელების საკითხზე.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის” 95%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა, რომელიც, ამავდროულად, “ისთერნ ფრომოუშენსის” 90% წილს ფლობს და არის მისი დირექტორი. ამ კომპანიაში მიხეილ გიორგაძე ერთ-ერთი მეწილე იყო. 2014 წლიდან კომპანიაში გიორგაძე წილს ოფიციალურად აღარ ფლობს. გიორგაძემ მის მფლობელობაში არსებული 22.50% უსასყიდლოდ გადასცა დავით მენაბდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი