ახალი ამბები

კომპანიას ფილარმონიასთან 7-სართულიანი შენობის აშენება სურს

29 ივლისი, 2020 • 2069
კომპანიას ფილარმონიასთან 7-სართულიანი შენობის აშენება სურს

კომპანიას ფილარმონიის მახლობლად 7-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა სურს. მათ შორის კომპლექსი  მოიცავს სასტუმროსა და კომერციულ ფართებს. შენობის დამკვეთია – „შ.პ.ს Bolero & Company“

მერიაში წარდგენილი განმარტებითი წერილის თანახმად, შენობას, ჯამში, 9 სართული აქვს, საიდანაც 7 სართული მიწისზედაა, 2 სართული კი – მიწისქვედა. მისი სიმაღლე 25.55 მეტრია.

საპროექტო შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ობიექტები – რესტორანი, სამწზარეულო და ლაუნჯ-ბარი, ხოლო ზედა სართულებზე – სასტუმრო ნომრები.

წყარო: თბილისის არქიტექტურის სამსახური

„ასევე მოგახსენებთ, რომ პროექტით დაგეგმილია 5971.55კვ.მ-ის საერთო ფართის მქონე, ფუნქციურად life style ტიპის სასტუმრო, რომლის სტუმრებს და დამსვენებლებს არ ექნებათ საშუალება სასტუმროში მობრძანდნენ საკუთარი ავტომობილებით,აქედან გამომდინარე, სასტუმროში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა გამოსვლა, გაჩერება სასტუმროს წინ და დაყოვნება არ განხორციელდება. ყველა ადამიანი, ვინც იქნება სასტუმროს მომსახურებით, ისარგებლებს უკვე არსებული ქუჩის გაჩერებებით“ ,- წერს კომპანია დოკუმენტაციაში.

კომპანიის ფოტომონტაჟი. წყარო: თბილისის არქიტექტურის სამსახური
ტერიტორია, სადაც კომპანიას ამ შენობის აშენება სურს, უკვე დიდი ხანია, რაც სამშენებლო კედლითაა შემოფარგლული. მანამდე აქ 3-სართულიანი შენობა იდგა, სადაც წლების წინ პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. ეს ტერიტორია, თავის მხრივ, მათ შორის ემიჯნება 2-სართულიან სახლს.

როგორ გამოიყურება საპროექტო ტერიტორია ამჟამად. წყარო: თბილისის არქიტექტურის სამსახური

კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად არქიტექტურის სამსახურს არაერთხელ მიმართა. 2019 წელს სამსახურმა კომპანიას ესკიზი შეუთანხმა, თუმცა 2020 წელს პროექტზე უარი უთხრა.

2020 წლის მაისში კომპანიამ უწყებაში დოკუმენტაცია კიდევ ერთხელ შეიტანა, შედეგად, პასუხად მიიღო, რომ დოკუმენტაციის განხილვა შუალედურ ფაზაშია.

ზოგადად, იმისთვის, რომ ნებისმიერმა კომპანიამ თბილისში მშენებლობა დაიწყოს, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. უპირველესად საჭიროა ესკიზის ანუ ვიზუალური მხარის წინასწარი შეთანხმება. შემდგომ, უშუალოდ მშენებლობის დაწყებას ესაჭიროება პროექტის შეთანხმება და ნებართვის მიღება.

„შ.პ.ს Bolero & Company”-ის შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას 23 ივლისს უპასუხა და უთხრა, რომ საპროტექტო დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოსასწორებლად 15 სამუშაო დღე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება და დოკუმენტაცია განუხილველი დარჩება.

შ.პ.ს Bolero & Company-ს მფლობელი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილია.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, “ბოლერო და კომპანი” წარმოადგენს საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს “გრუზვინპრომი”, შპს “კ და ქართული სპირტი”, შპს „უნივერსალ სპირიტსი“ და ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია.

“ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს. “ბოლერო და კომპანი” და მასში შემავალი საწარმოო ჯგუფი სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია მასიურ მომხმარებელზე”, – ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია,იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი