ახალი ამბები

ვაკეში მუშების დაღუპვის საქმეზე მშენებელი კომპანიის დირექტორი დააკავეს

19 აპრილი, 2019 • 2236
ვაკეში მუშების დაღუპვის საქმეზე მშენებელი კომპანიის დირექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ვაკეში, „ლეჩკომბინატის“ მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის საქმეზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს მშენებელი კომპანია „ხიმიჯ სერვისის“ დირექტორი. მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ხიმიჯ სერვისი“ ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც უშუალოდ ადგილზე მუშაობდა. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ „კომპანიის მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი“.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს “ხიმინჯ სერვისის“ დირექტორს, 62 წლის ოთარ ცნობილაძეს.

„ხიმიჯ სერვისი“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობის საძირკველს ამაგრებდა.

31 მარტს მშენებლობას ორი დასაქმებული ემსხვერპლა- 25 წლის დათო აბულაძე და 40 წლის ედუარდ ვარიშოვი. საღამოს 6-7 საათისთვის, როდესაც ისინი შენობის საძირველში, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე იყვნენ ჩასულები, მიწის მასა ჩამოიშალა და ორივე მათგანი ქვეშ მოიყოლა. აბესაძის ცხედარი ერთ საათში იპოვეს, მეორისა კი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

[yellow_box]მშენებლობის შესახებ[/yellow_box]

მშენებლობაში 3 კომპანია ფიგურირებს: შენობის მფლობელი “ლეჩკომბინატი”, სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” და მისი ქვეკონტრაქტორი — “ხიმიჯ სერვის 2”.

“ლეჩკომბინატია” კომპანია, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს მშენებლობა, ანუ შენობა მათ ეკუთვნით. კომპანიის სრული სახელია “შპს ლეჩკომბინატი #1”, ყოფილი “შპს დილა 2010”. კომპანიამ ჭავჭავაძის #5-ში შენობა 2010 წელს 7.3 მილიონ აშშ დოლარად იყიდა სახელმწიფოსგან პრივატიზაციის პოლიტიკის ფარგლებში. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ლეჩკომბინატს ორი მფლობელი ჰყავს: 75%-იანი წილის მფლობელია რუსეთის მოქალაქე რუსუდან მახაშვილი, 25%-იანი წილის მფლობელი კი- ნიკოლაი სარქისოვი.

სააქციო საზოგადოება “ტრანსმშენი”, რომელიც “ლეჩკომბინატს” ჰყავს დაქირავებული, სამშენებლო კომპანიაა. მისი გენერალური დირექტორია მოქალაქე უჩა გელაშვილი. კომპანიის აქციების მფლობელ(ებ)ი რეესტრში არ ფიქსირდება.

“ტრანსმშენმა” პირველ აპრილს მომხდარზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება მათ მიერ საძირკვლის გასამაგრებლად დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა; ეს ქვეკონტრაქტორი კომპანია არის “ხიმიჯ სერვის 2”. დაკავებული სწორედ „ხიმიჯ სერვისის“ დირექტორია.

ნახეთ დეტალები:

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი