საქართველოში გამოქცეული საუდელი დების საქმეში შსს ჩაერთო

დებს, რომლებიც საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოიქცნენ და დახმარებას ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოკითხვას უტარებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, პროცესი დების დროებით საცხოვრებელ ადგილას მიმდინარეობს და მას მიგრაციის სამსახურის თანამშრომლების ესწრებიან.

სოციალურ ქსელში ორი დის მიმართვა პირველად 16 აპრილს გავრცელდა. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიდეომიმართვა და ფოტო გამოაქვეყნეს. დები ამბობენ, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოში  გამოიქცნენ და აქ საფრთხე ემუქრებათ.

მათი თქმით, თავშესაფრის მიღება სურთ, რადგან საუდის არაბეთმა პასპორტის მოქმედება ორივე მათგანს შეუჩერა.

დების განცხადებით, მამა და ძმა უკვე საქართველოში არიან და ეძებენ. როგორც ვიდეოში ერთ-ერთი და ამბობს, ოჯახში ცუდად ექცეოდნენ, ხოლო საუდის არაბეთში არსებული კანონები მათ ფაქტობრივად არ იცავს. ისინი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სთხოვენ დახმარებას.

“ჩვენი ვართ დები მაჰა და ვაფა საუდის არაბეთიდან. საფრთხეში ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა სხვებს მივაწვდინოთ. ჩვენ გჭირდება ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ დაგვეხმარეთ. ახლა საქართველოში ვიმყოფებით”, – აცხადებენ ისინი.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან