“ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება” – რას გულისხმობს ახალი სკოლის ესტონური მოდელი

თბილისის 150-ე სკოლა პირველია საჯარო სკოლებს შორის, სადაც “ახალი სკოლის მოდელის” პროგრამა, ე.წ. ესტონური მოდელი დაინერგა. სასწავლო პროგრამა UNICEF-ისა და ესტონეთის დახმარებით შედგა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წარმატების შემთხვევაში, 2023 წლიდან ეს საპილოტე მეთოდი ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს. 

პროგრამა დაწყებით კლასებზეა (I-IV კლასები) გათვლილი. დღეს, 17 აპრილს, პროგრამის ფარგლებში 150-ე სკოლის მესამე გ კლასში ქართულის ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც UNICEF-ისა და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაკვეთილს მანანა ჯადუგიშვილი უძღვებოდა, რომელიც ამ კლასის დამრიგებელია. გაკვეთილზე ბავშვები გავლილი ტექსტების პერსონაჟებს კომპიუტერების დახმარებით სხვადასხვა გარემოში სვამდნენ და მათზე ახალ ისტორიებს აგებდნენ. პედაგოგი ამბობს, რომ სწავლების ამ მეთოდის ძირითადი არსი არის ის, რომ მასწავლებელმა ბავშვს მაქსიმალურად მოუსმინოს და არ შეუბოჭოს შემოქმედებითი აზროვნება.

გაკვეთილის შემდეგ მანანა ჯადუგიშვილი სწავლების ახალი მეთოდის შესახებ ნეტგაზეთს უფრო დეტალურად ესაუბრა.

სვლა ნაცნობიდან უცნობამდე – როგორ ატარებს მანანა ჯადუგიშვილი გაკვეთილებს

მანანა ჯადუგიშვილი დაწყებითი კლასების პედაგოგია. 150-ე სკოლის დაწყებითების სხვა მასწავლებლებთან ერთად, სპეციალური ტრენინგი გაიარა, მათ შორის, ესტონეთშიც. ჯადუგიშვილი ყვება, რომ “ახალი სკოლის მოდელი” კარგად პასუხობს იმ გამოწვევებს, რასაც დღეს დაწყებითი კლასების მასწავლებლები აწყდებიან.

პედაგოგის განმარტებით, სასწავლო გაკვეთილებში მთავარი პრობლემა, როგორც წესი, არის ის, რომ ერთი მხრივ, გაკვეთილი დატვირთულია სხვადასხვა აქტივობით, თუმცა მიზანი დაკარგულია.

“მიზანი ბევრია და ბუნდოვანი, შესაბამისად, საგაკვეთილო პროცესში მიზნების დაფარვა, ფაქტობრივად, ვერ ხდება. ის, რომ მოსწავლე ფაქტობრივი ინფორმაციის დონეზე რაღაც ცნობებს ფლობს, ეს არ ნიშნავს გააზრებულ სწავლებას. მოსწავლემ უნდა შეძლოს სკოლაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი – მის რეალურ ცოდნად გარდაქმნა და გამოყენება.

აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა დაზეპირებაზე, არამედ გააზრებულ სწავლასა და ისეთი ცოდნის შექმნაზე, რომელსაც მოსწავლე ყველა სიტუაციასა და პირობაში გამოიყენებს. ჩვენ აქამდე თეორიულად ვიცოდით, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორი და მან ხელი უნდა შეუწყოს ცოდნის მიღებას – პროექტის ფარგლებში სწორედ ეს თეორიული ჩარჩო გადმოვიტანეთ რეალობაში. შემოქმედებითი გახდა მასწავლებელი და თავად მოსწავლეც, რაც ხელს უწყობს მიგნების, აღმოჩენისა და დასკვნის გაკეთების უნარის განვითარებას,” – ამბობს მანანა ჯადუგიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მანანა ჯადუგიშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მანანა ჯადუგიშვილი გვიყვება, რომ დღევანდელ გაკვეთილზე ბავშვებმა სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამისა და თავიანთი შემოქმედებითი აზროვნების გამოყენებით მათთვის უცხო ტექსტის პერსონაჟი უკვე გავლილი ტექსტების პერსონაჟებს დაუკავშირეს და სურათებიც კი შექმნეს, სადაც ისინი ერთ გარემოში იმყოფებიან. პედაგოგი ამბობს, რომ ამის შემდეგ ბავშვებმა თავადვე დაგეგმეს შემდეგი გაკვეთილი და გადაწყვიტეს, რომ ამ პერსონაჟებზე კიდევ ერთ გაკვეთილი ექნებოდათ.

“სწორედ ამ ინტეპრეტაციებითა და შემოქმედებითობის უნარის გამოყენებით, ბავშვებმა შეძლეს საგანთა შორის კავშირის აღმოჩენა და შეძენილი ცოდნის გამოყენებაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა ტექსტის მთავარი შინაარსი უკეთ გააცნობიეროს,” – ამბობს მასწავლებელი.

ქართული ენის გაკვეთილი კომპიუტერების კლასში. 150-ე სკოლის მოსწავლეები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ახალი პროგრამის ფარგლებში საგაკვეთილო დრო არის გაზრდილი და ამ შემთხვევაში იგულისხმება არა თითო გაკვეთილის, არამედ თემისა და ტექსტების დაფარვის დრო. გახანგრძლივებული საათები მე მაძლევს საშუალებას, თითოეული მოსწავლის სამყაროში შევიდე და მოსწავლეც მიშვებს მის სამყაროში იმიტომ, რომ იცის – მას ხმის უფლება აქვს. ჩემს კლასში ყველა მოსწავლეს შეუძლია თქვას თავისი სათქმელი, ჩვენი მთავარი დევიზი კი არის ის, რომ ჩვენ ყველა აზრსა და არგუმენტს ვიღებთ, შემდეგ კი ერთად ვწყვეტთ, არის ეს აზრი მისაღები თუ არა.

ჩვენ არ ვმსჯელობთ პიროვნებებზე, ჩვენ ვმსჯელობთ აზრის შესახებ. სხვადასხვა მოსაზრებას ვასაბუთებთ ან უარვყობთ არგუმენტირებულად. ბავშვებმა კი იციან, რომ მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ, ოღონდ მათი ნათქვამი უნდა იყოს დადასტურებული და არგუმენტირებული. ხშირად, მაგალითად, ერთსა და იმავე პერსონაჟში ორი სხვადასხვა მოსწავლე სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენს. ჩვენ ვიღებთ ამ ორივე მოსაზრებას, ვინაიდან მოსწავლეებს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები აქვთ.

ბავშვები თამაშით ხვდებიან, რომ არ არსებობს ცალსახა დამოკიდებულება რაღაც საგნებისა თუ მოვლენების მიმართ. ყველას შეუძლია თქვას, რასაც ფიქრობს და გახადოს ნებისმიერი თემა მსჯელობის საგანი. ეს არ ნიშნავს, რომ არასწორი და მცდარი მოსაზრებების დანერგვას ვუწყობთ ხელს, პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ რაც შეიძლება მეტი იფიქრონ და დაასკვნან თავად,” – განმარტავს მანანა ჯადუგიშვილი.

150-ე სკოლის 208-ე საკლასო ოთახი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მანანა ჯადუგიშვილი გვიყვება, რომ გახანგრძლივებული დრო ბავშვებს თვითშეფასებასაც უმაღლებს. მისი თქმით, სკოლაში ახალი პროგრამის ფარგლებში მასწავლებელი სახელმძღვანელოების სარჩევს აღარ მიჰყვება და, შესაბამისად, უფრო მეტი დრო რჩება, რომ კლასის თითოეულ მოსწავლეს საკითხი უკეთ აუხსნას.

“რეალურად, თუ საგაკვეთილო ტექსტი 25 მოსწავლეში მხოლოდ 2-3 დღეს მუშავდება, ძალიან ბევრი განწირულია იმისთვის, რომ მას ხმის უფლება არ ჰქონდეს. ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ყველას აქვს თავისებური აღქმა და ყველა ერთდროულად ვერ ახერხებს, ტექსტის სათქმელს მრავალი კუთხით ჩაწვდეს- გაიგოს მისი იდეა, თემა, პერსონაჟი, შეძლოს ტექსტის გადასხვაფერება, ინტერპრეტაცია და თხრობის კუთხე შეცვალოს.

გახანგრძლივებული დრო კი, მე, როგორც მასწავლებელს, მაძლევს საშუალებას, მოსწავლეს არაერთხელ წავაკითხო ერთი და იგივე ტექსტი, ოღონდ ისე, რომ ბავშვი სულ ერთსა და იმავე როლში არ იყოს. მაგალითად, ახსნიდან მეორე დღეს ჩვენ ვამუშავებთ, ვთქვათ, ტექსტის პერსონაჟებს და ბავშვს ტექსტი ისე შემოეკითხება, რომ მას არ მოუხდება მხოლოდ მკითხველის როლში ყოფნა – ის მოძებნის პერსონაჟის თვისებებს და ერთგვარი “მკითხველ-მაძიებელი” იქნება.

შემდეგ დღეს მას შეიძლება, მოუნდეს “პრეზენტატორი მკითხველის” როლში ყოფნა და სხვა კუთხით წარმოაჩინოს ტექსტი და ა.შ. შესაბამისად, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ბავშვი ისე კარგად ფლობს უკვე ტექსტს, ისე ღრმად აქვს მას თემა დამუშავებული, რომ მისი თვითშეფასება მაღლდება, ცოდნა კი უფრო ღრმაა,”- ამბობს პედაგოგი.

ქართული ენის გაკვეთილი კომპიუტერების კლასში. 150-ე სკოლის მოსწავლეები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

როგორც მანანა ჯადუგიშვილი მიიჩნევს, ბავშვს სკოლაში ხმის უფლება არა მხოლოდ ტექსტის და საგაკვეთილო პროცესის მიმართ უნდა ჰქონდეს, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა. მისი თქმით, როდესაც მოსწავლესაც აგრძნობინებ, რომ ის არის უფროსი, ზუსტად იმავე პედესტალზე დგას, რომელზეც მასწავლებელია და მასწავლებელიც მისთვის მეგობარია, გარკვეული პრობლემები თავისით რეგულირდება.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთხელ ჩემს კლასში მეგობრებს შორის შეკამათება მოხდა. როგორც წესი, მე არ ვყწვეტ ხოლმე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები. ეს კონკრეტული შემთხვევა ჩვენ კლასის სამსჯავროზე გამოვიტანეთ და “განაჩენიც” ბავშვებმა შემდეგნაირი მოიგონეს – ბავშვებმა თქვეს, რომ ეს ორი მოსწავლე ერთად დაგვესვა მერხთან, ბოდიში მოეხადათ ერთმანეთისთვის, ჩახუტებოდნენ და შემდგომ, გავლილი ტექსტების გამოყენებით, მოთხრობები დაეწერათ ერთმანეთზე. შეკამათებიდან მეორე დღეს ბავშვებმა ეს მოთხრობები წაგვიკითხეს და ეს პრობლემაც იმდენად საინტერესოდ და სახალისოდ მოგვარდა, რომ მსგავსი რამ ბავშვებს შორის აღარ მომხდარა. ბავშვებმა იციან, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა დაბრკოლებასაც ერთად გადავლახავთ.

ქართული ენის გაკვეთილი კომპიუტერების კლასში. 150-ე სკოლის მოსწავლეები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება ზუსტ მეცნიერებებს, მანანა ჯადუგიშვილი ამბობს, რომ სკოლაში, ესტონური მოდელის მიხედვით, თემატური სწავლების პრინციპია დანერგილი. ეს უკანასკნელი კი, მისი განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საკითხი (მაგალითად, რიცხვები) კლასების მიხედვით სხვადასხვა თემატურ ერთეულშია მოქცეული.

“მაგალითაც, არის ასეთი თემა “დიდები და პატარები”, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ რიცხვებს. თემები აძლევებ ბავშვებს ნაცნობი კონტექსტის შეგრძნების საშუალებას. მასწავლებელი ბავშვებს ახალ ცოდნას ამ შინაარსობრივ კონტექსტში აწვდის – დიდებისა და პატარების მაგალითზე შექმნილი გამოსახულებით, ამოცანებით.. ან საერთოდ, შეიძლება რომელიმე ტექსტში იყო დიდი და პატარა პერსონაჟის ტანდემი და ჩვენც ეს პერსონაჟები გამოვიყენოთ. ეს ნაცნობი კონტექსტი აახლოებს მოსწავლეებს მათემატიკურ სიზუსტეებთან. 

ამ ყველაფერთან ერთად ძალიან კარგად ვიყენებთ ტექნოლოგიებსაც – აი, მაგალითად, ხშირად, რომელიმე ტექსტის პერსონაჟს შევასრულებინებთ ხოლმე მათემატიკურ ამოცანას, ამ ამოცანას კი ბავშვები კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით გამოსახავენ. შემდეგ კი გამოსახულებებს ერთმანეთში ცვლიან. თითოეულმა სამუშაო ჯგუფმა ისე უნდა გამოსახოს ამოცანა, რომ თანატოლებმა ეს ყველაფერი გაიგონ და ამოხსნან”, – განმარტავს პედაგოგი.

“ზუსტი მეცნიერება თანმიმდევრულ ბმასა და აღმოჩენების სწავლებას მოითხოვს, რასაც აქ ვანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავდიოდით გეომეტრიულ, ბრტყელ ფიგურებს. როდესაც კვადრატის ჯერი მოვიდა, ჩვენ გვქონდა ელექტრონული პრეზენტაცია, სადაც კვადრატის ფორმის სხვადასხვა ფიგურები ვნახეთ, მაგალითად, კვადრატში ჩასმული ღიმილაკი (სმაილი), კვადრატის ფორმის საათი და სხვა მრავალი. ჩვენ მათი საერთო და განმასხვავებელი თვისებები ჩამოვწერეთ და რადგან ეს იყო ყოფითი საგნები, ყველა ბავშვს ჰქონდა სათქმელი.

ყველამ იცის, რა არის საათი, ღიმილაკი ყველას ეცნობა და ა.შ. შესაბამისად, ვიღაცამ 4 წვერი დათვალა, ვიღაცამ 4 გვერდი დათვალა და შემდეგ იქიდან გამოვაწვრთეთ, რა იყო საერთო და აღმოვაჩინეთ კვადრატის მახასიათებლებიც. მივედით ნაცნობიდან უცნობამდე. ის, რაც ვიცოდით გაფანტულად, ჩვენ ის ერთი სახელწოდების ქვეშ გავაერთიანეთ”.

ქართული ენის გაკვეთილი კომპიუტერების კლასში. 150-ე სკოლის მოსწავლეები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა მანანა ჯადუგიშვილი სხვა მასწავლებლებს, მათ შორის, იმ სკოლებში, სადაც საპილოტე ვერსია არ არსებობს, პედაგოგი ამბობს:

“არ გვინდა უამრავი მიზანი თითო გაკვეთილისთვის, მიზანი უნდა იყოს ნათელი და მარტივი. ბავშვმა უნდა შეძლოს ნაცნობიდან უცნობისკენ გასვლა, ვინაიდან, თუ ბავშვმა კარგად არ იცის რაიმე საკითხი, მასზე ვერაფერი ახლის დაშენება ვერ მოხერხდება. წარმოიდგინეთ კედელი, რომელსაც ერთ აგურს გამოვაცლით – ის ხომ დაკარგავს სიმყარეს? ასეა ცოდნის შემთხვევაშიც.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ბავშვმა უკვე იცის, ის, რაც მისთვის ნაცნობია და სწორედ მასზე დავაშენოთ ახალი ცოდნა. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მოახერხოს, რომ ბავშვმა შეძენილი ცოდნა პირობების ცვლილებების მიუხედავად გამოიყენოს,”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან