აიაქსი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ტურინის იუვენტუსი საკუთარ მოედანზე ამსტერდამის აიაქსთან დამარცხდა, ხოლო ბარსელონამ კამპ-ნოუზე მანჩესტერ იუნაიტედს მოუგო დიდი ანგარიშით.

პირველი შეხვედრა ჰოლანდიაში აიაქსსა და იუვენტუსს შორის 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი იტალიაში ჰოლანდიელებმა მოიგეს ანგარიშით 1:2. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, ხოლო სტუმართა რიგებიდან თავი ვან დე ბეეკმა და დე ლიგტმა გამოიჩინეს.

მანჩესტერ იუნაიტედი პირევლ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა ბარსელონასთან, ხოლო გასვლით მატჩში 3:0 წააგო. ორი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ერთიც- ფილიპ კოუტინიომ.

  • ამსტერდამის აიაქსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1997 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

ნახევარფინალში აიაქსი ტოტენჰემსა და მანჩესტერ სიტის შორის, ხოლო ბარსელონა ლივერპულსა და პორტოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველი შეხვედრა ლივერპულს პორტუგალიურ კლუბთან სახლში 2:0 აქვს მოგებული, ხოლო ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.