ახალი ამბები

ზუგდიდში პოლიციასთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

14 აპრილი, 2019 • 889
ზუგდიდში პოლიციასთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

14 აპრილს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან, სადაც დაკავებული მოქალაქის, ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, იგი ადმინისტრაციული ქოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული — წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მისი გათავისუფლების მოთხოვნით მართავენ. აქციის მონაწილეებმა 14 აპრილს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ არ დაანება.

ბესიკ დგებუაძე ძმასთან, ჯონი დგებუაძესთან ერთად პოლციამ 4 აპრილს დააკავა. ზუგდიდის სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა; პროკურატურის გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესიკ დგებუაძე ისევ დააკავეს.

ოჯახის თანახმად, ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს დაჭრეს; პოლიცია მას სთხოვს, დაასახელოს, ვინ ესროლა, თუმცა დგებუაძე ამბობს, მსროლელის ვინაობა არ იცის. საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მიმდინარეობს.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ბესიკ დგებუაძის დედა, რომელიც აქციაზე შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი