ახალი ამბები

შემოწმების შემდეგ თბილისში ბაღებისთვის ყველის მიწოდება შეწყდა

2 აპრილი, 2019 • 1174
შემოწმების შემდეგ თბილისში ბაღებისთვის ყველის მიწოდება შეწყდა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 13 შემოწმებული ბაღიდან ერთში ყველში რძის ფხვნილი აღმონდა, არაჟანში კი-  მცენარეული ცხიმი.

კიდევ ერთ ბაღში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხაჭოსა და არაჟანში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა.

სააგენტოს ცნობით, ამ კვლევის შედეგების გამო ამ დროისთვის თბილისის ყველა ბაღის აღსაზრდელებს რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ყველი არ მიეწოდებათ. რაც შეეხება არაჟანსა და ხაჭოს, “ნილი” ბაღებს ამ პროდუქტებით სხვა მიმწოდებლის მეშვეობით ამარაგებს.

სააგენტოსვე ინფორმაციით, რძის ნაწარმში ფხვინილისა და მცენარეული ცხიმის  შესახებ 27 მარტს შეიტყვეს და პროდუქციის ამოღება მაშინვე მოხდა.  სააგენტოში აცხადებენ, რომ რძის ნაწარმის ამოღების მიუხედავად, კალორაჟი არ დარღვეულა და ეს პროდუქტები ცილოვანი პროდუქტით ჩანაცვლდა.

“სააგენტომ მიმართა კომპანია ნილს, რომ მოიძიოს სხვა მიმწოდებელი და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ პროდუქტი პასუხობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,”-აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რძის პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიის, “ქობულეთურის” გაყიდვების მენეჯერი გიორგი ბერძენიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათი პროდუქცია “ნილის” მოთხოვნებს სრულად პასუხობდა.

“ჩვენ შეგვიჩერეს  რძის პროდუქტებით მომარაგების უფლება. მიზეზად დასახელდა ის, რომ ჩვენს პროდუქციაში, კერძოდ არაჟანში, მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. ეს სიმართლე არ არის. იმევე დღეს, იგივე ქვაბში წარმოებულ პროდუქციაში ერთ ბაღში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა, მეორეში-არა. ეს აბსურდია,” – ამბობს გიორგი ბერძენიშვილი.

თბილისში ბაღების ბავშვების  კვებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “ნილის” წარმომადგენელი თეონა ნინოშვილი ვარაუდობს, რომ ლაბორატორიაში შეცდომა მოხდა. მისი თქმით, შეუძლებელია, ერთ პარტიად წარმოებულ ყველში აღმოჩნდეს რძის ფხვნილი, მეორეში – არა.

ნეტგაზეთი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ველით.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ “ნილს” კანონით დადგენილი ზომებით მოუწევს პასუხისგება. “როდესაც ხდება ასეთი ტიპის დარღვევები, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ხდება ხოლმე”.

შ.პ.ს ნილი თბილისში ბაღებს კვებით 2018 წლიდან უზრუნველყოფს. 2019 წელს ორივე ტენდერის ჯამური ღირებულება, რომელშიც ნილმა გაიმარჯვა, 38 მლნ ლარს აღემატებოდა.

2005 წელს დაფუძნებული შპს “ნილის” წილის 50%-ის მფლობელ გიორგი ჯუღელს 2014-2015 წლებში ქართული ოცნებისთვის, ჯამში, 120 000 ლარი აქვს შეწირული. მეორე მეწილე (20%) თეიმურაზ გიორგაძეს – 30 000 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი