ახალი ამბები

თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა — ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

6 ოქტომბერი, 2020 • 1414
თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა — ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით, თბილისის ბაღები მუშაობისთვის მზადაა.

მათივე ინფორმაციით, ბაღების ეზოებში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა. ასევე, ახალი რეგულაციებით, საძინებელ ოთახებში ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი.

მათივე ცნობით, ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. სააგენტოს ინფორმციით, ყველა სააღმზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს.

„რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყვეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი