ახალი ამბები

COVID-19-ის გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი თბილისის 25 ბაღშია შეჩერებული

9 მარტი, 2021 • 651
COVID-19-ის გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი თბილისის 25 ბაღშია შეჩერებული

9 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია თბილისის 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დანარჩენ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება.

უწყების განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19- ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმოსკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს”, – აცხადებენ ბაგა-ბაღების სააგენტოში.

სააგენტოს ცნობითვე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.
თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი