ახალი ამბებისამართალი

42-წლიანი პატიმრობის შემდეგ ორ ადამიანს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

31 მარტი, 2019 • 1723
42-წლიანი პატიმრობის შემდეგ ორ ადამიანს მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ორ მსჯავრდებულს 42-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს. დადგინდა, რომ დანაშაული, რისთვისაც პატიმრობა მიუსაჯეს, მათ არ ჩაუდენიათ.

კლიფორდ უილიამს უმცროსი და მისი ძმისშვილი, ჰუბერნ ნათან მაიერსი 34 და 18 წლისანი იყვნენ, როდესაც მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

მკვლელობა 1976 წლის მაისში მოხდა. იმ დღეს, როცა ბიძა-ძმისშვილი წვეულებაზე იყვნენ, ორ ქალს იქვე, შორიახლოს მდებარე ბინაში თავს დაესხნენ, ერთ-ერთი მათგანი კი სასიკვდილოდ დაჭრეს. უილიამსი და მაიერსი მალე დააკავეს, ბრალი წაუყენეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე დღის წინ ფლორიდის შტატმა მათ ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გამოუშვა. ორივე მათგანი ამ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ უდანაშაულონი იყვნენ და ვერდიქტს გამუდმებით ასაჩივრებდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, მათ 2017 წელს შექმნილ უწყებას, — მსჯავრდების სანდოობის შემოწმების სამსახურს — მიმართეს. უწყების რომლის ხელახალი გამოძიების ფარგლებში მათი უდანაშაულობა გამოიკვეთა.

სხვა მიგნებებთან ერთად, ხელახალმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ აღნიშნულ თავდასხმასა და მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აღებული სხვა ადამიანს ჰქონია. იგი 1994 წელს გარდაიცვალა.

CNN-ის თანახმად, უილიამსი და მაიერსი, — სანამ ოჯახის წევრებთან ერთად იზეიმებდნენ უდანაშაულობის დამტკიცებას, —სასამართლო დარბაზში ემოციურად გადაეხვივნენ ერთმანეთს. მაიერსი სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მიწას ემთხვია.

“ვნერვიულობ, ჯერ კიდევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გისოსებში ვარ”, — თქვა მან. “ოჯახს როგორც კი დავუბრუნდები … მგონი კარგად ვიქნები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი