ახალი ამბები

2014-2018 წლებში საპატრიარქოს 1.7 მილიონი კვ.მ მიწა გადაეცა – EMC

29 მარტი, 2019 • 3108
2014-2018 წლებში საპატრიარქოს 1.7 მილიონი კვ.მ მიწა გადაეცა – EMC

1 714 822 კვ. მ ოდენობის მიწა და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 1 379 700 მლნ ლარი – ეს ის ქონებაა, რომელიც სახელწიფომ 2014-2018 წლების განმავლობაში საპატრიარქოს გადასცა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევას ავრცელებს და თან ამბობს, რომ 2016-2017 წლებთან შედარებით 2018 წელს საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების  მასშტაბი იმატებს, რაც სავარაუდოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტს უკავშირდება.

“ამ წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთავრობა ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. საპატრიარქოსთვის ამ უძრავი ქონების გადაცემა, როგორც წესი, არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საეკლესიო ქონების დაბრუნების  ვალდებულებას”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2016-2018 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში აქტიურად გადაეცემა არა მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც.

საპატრიარქოს უძრავ ქონებას საკუთრებაში სიმბოლურ ფასად,  1 ლარად, ან სრულიად უსასყიდლოდ აძლევენ. სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია, რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად.

EMC მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდა უძრავი ქონებისა, 2016-2018 წლებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს გამოეყო 1 379 700 ლარი სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით.

EMC-ის შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული გამოცდილება არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის გაუმართლებელი პრივილეგირების და მხარდაჭერის პრაქტიკას ქმნის.

“ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე და თავად საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიური  თემებისა და ორგანიზაციების იერარქიზებას იწვევს და დისკრიმინაციული შინაარსისაა”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრული კვლევა ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი