ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს მართავს

22 მარტი, 2019 • 2967
ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს მართავს

“ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც”, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილმა, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც დააპატიმრეს, ამბობს, რომ გარკვეული სახის გეგმებზე მაისში ისაუბრებს.

ამის შესახებ მან  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  ისაუბრა.

ოქრუაშვილმა არ დააკონკრეტა, ვისთან გადის კონსულტაციებს და განაცხადა, რომ მისნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არ შეიძლება, თორემ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა:

“რომ გეკითხათ, რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო. დღეს  რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება, კარგი არაფერი ხდება… ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს, სიმართლე გითხრათ“.

ერთდაერთი პოზიტიური ამბავი, რაც ოქრუაშვილის აზრით, ბოლო წლებში საქართველოში მოხდა, “დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვაა.

ოქრუაშვილმა თიბისი ბანკის საქმეზეც ისაუბრა და  მის დამფუძნებელზე, რომლის წინააღმდეგაც გამოძიებაა დაწყებული, განაცხადა:

“ხაზარაძე, როგორც ბანკირი, შეიძლება არ იმსახურებდეს სოლოდარობას, მაგრამ ხაზარაძე, რომელიც იჩაგრება უსამართლოდ, ნამდვილად იმსახურებს სოლიდარობას”.

ამიტომაც, მისი აზრით, თუკი ხაზარაძეს დააკავებენ, რუსთაველის გამზირზე “ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა”.


მოკლედ – რა ვიცით ირაკლი ოქრუაშვილზე

2018: ირაკლი ოქრუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

2016: ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა წააგო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას თავს დაესხნენ, რა დროსაც ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ოქრუაშვილმა თავდასხმაში “ოცნება” დაადანაშაულა, რაც ამ უკანასკნელმა უარყო. პოლიციამ თავდასხმაში ბრალდებული დააკავა.

2004-2006: ირაკლი ოქრუაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ  ქვეყნის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი იყო.

2006: ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ერთი კვირის შემდეგ ოქრუაშვილმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა, მმართველი გუნდიდან ოპოზიციაში გადავიდა და თანამოაზრეებთან ერთად პარტია ”ერთიანი საქართველოსთვის” დააფუძნა.

2007:   ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ოფისში დააკავეს. მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში სდებდნენ ბრალს. ოქრუაშვილმა საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

2008:  თბილისის საქალაქო სასამართლომ 11–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლებით.

2012:  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დააპატიმრეს. 2013 წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი