საზოგადოება

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ არ ჩანიშნოს რუსული კანონის II პლენარულ მოსმენა – აქციის მონაწილეთა განცხადება

28 აპრილი, 2024 •
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ არ ჩანიშნოს რუსული კანონის II პლენარულ მოსმენა – აქციის მონაწილეთა განცხადება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ ხვალ, 29 აპრილს, რუსული კანონის მეორე პლენარული მოსმენა არ ჩანიშნოს.

აქციის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სახელით განცხადება პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა, რომელიც დღეს, 28 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას უძღვებოდა.

რატი ამაღლობელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხვალ რუსული კანონის მეორე პლენარული მოსმენა არ იქნება, მაშინ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები აქციას არ გამართავენ, თუმცა თუ პლენარული სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნება, მაშინ იქნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს რუსული კანონის მიღება. ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს და არა რუსულ კანონს.

ჩვენი მოთხოვნების სამიზნე იქნება და არის ხელისუფლება და არა ხალხი. ამიტომ ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და არარსებული საზოგადოებრივი დაპირისპირების სურათი დაიხატოს.

ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს რუსული კანონის მეორე პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს მოვუწოდებთ შეკრებისაკენ, რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

პარლამენტმა უმრავლესობის მხარდაჭერით რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხვალ, 29 აპრილს დილის 9 საათზე რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ამავე დღეს საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი