ახალი ამბები

“ფიზიკურად არ გავატანთ” | ოქრუაშვილი მელიას შესაძლო დაკავებაზე

17 თებერვალი, 2021 • 1043
“ფიზიკურად არ გავატანთ” | ოქრუაშვილი მელიას შესაძლო დაკავებაზე

“თუ იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება [ნიკა მელიას დაკავება], ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა

“შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა ციხეში ჩვენი ნებით მივედით, ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას აღარ გავატანთ ასე თავისუფლად. ფიზიკურად არ გავატანთ. როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან ითხოვენ კანონმორჩილებას, გულუბრყვილობით ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ. კანონის მორჩილებას ქართული ოცნება და ივანიშვილი ჩვენ ვერ გვასწავლის”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე განცხადებით, “შეუძლებელია ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პროგნოზირება და ეს მრავალჯერ დამტკიცდა”.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. ისინი თვალს ადევნებენ სასამართლო პროცესს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე განიხილავს ნიკა მელიასთვის უკვე დაკისრებული გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხს.


20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი