“მათემატიკით გამოწვეული შფოთი” მოსწავლეებში შიშსა და სასოწარკვეთას იწვევს

კვლევის მიხედვით, რომელიც “კემბრიჯის უნივერსიტეტის” მკვლევრებმა ჩაატარეს, “მათემატიკის შფოთი” მოსწავლეებში ფიზიკურ სიმპტომებს, მათ შორის, საკლასო ოთახში ქცევით პრობლემებს იწვევს.

როგორც “გარდიანი” წერს, ბავშვები 6 წლის ასაკიდან განიცდიან შიშსა და სასოწარკვეთას, რაც “მათემატიკით გამოწვეული შფოთითაა” განპირობებული. მკვლევრების თქმით, “მათემატიკის შფოთი” რეალური მდგომარეობაა და მას სერიოზული მიდგომა სჭირდება, რადგან ბავშვის სწავლის უნარზე ახდენს გავლენას.

“მათემატიკის შფოთის” გამომწვევი მიზეზების დადგენაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები წლების განმავლობაში მუშაობდნენ. მათ დაწყებითი და საშუალო სკოლების 2 700 მოსწავლე გამოკითხეს ბრიტანეთსა და იტალიაში. კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს სიღრმისეული ინტერვიუები ჩაუტარდათ.

ბავშვები, რომლებიც კვლევის ფარგლებში გამოკითხეს,  ყვებოდნენ მათემატიკასთან დაკავშირებულ შიშებზე:

“თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი და ძალიან შემეშინდა” – თქვა ერთ-ერთმა დაწყებითი კლასის მოსწავლემ იმ გაკვეთილის გახსენებისას, როცა წილადებს გადიოდნენ.

ერთ-ერთი მკვლევრის, დოქტორ როს მაკლელანის თქმით, მათემატიკით გამოწვეული შფოთი ემოციური რეაქციაა და ბავშვებს, როგორც წესი, არ უნდათ სკოლაში წასვლა იმ დღეს, როცა მათემატიკის გაკვეთილი აქვთ:

“ჩვენ გვყავდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც ამბობდა, რომ იმდენად ფრუსტრირებული იყო, მერხს ხელი დაარტყა”, – იხსენებს მკვლევარი.

კვლევის მიხედვით, შფოთის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ცუდი აკადემიური მოსწრება, გამოცდით გამოწვეული ტვირთი, კლასელების მხრიდან აბუჩად აგდება და ა.შ. რაც შეეხება სიმპტომებს, ბავშვები განიცდიან დაძაბულობას, ფრუსტრაციასა და შიშს, ხოლო ფიზიკურ სიმპტომებს რაც შეეხება, უჩქარდებათ პულსი და ზოგჯერ, უძნელდებათ სუნთქვა.

კვლევით აფრთხილებენ მასწავლებლებსა და მშობლებს, რომ თავიანთი შფოთი მათემატიკის მიმართ უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვებზე და პირველ რიგში ამას უნდა გაუმკლავდნენ. გარდა ამისა, კვლევა ახსენებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ემოციურმა წინაღობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სწავლის პოტენციალზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.