აშშ-ში დააკავეს მილიონერები, რომლებიც უნივერსიტეტებში შვილების მოსაწყობად ქრთამს იხდიდნენ

აშშ-ის საგამოძიებო სამსახურებმა კორუფციული სქემა გახსნეს, რომლითაც, მათი თქმით, მდიდარი მშობლები ქრთამითა და გაყალბებული მასალებით შვილების პრესტიჟულ სასწავლებლებში მოწყობას ცდილობდნენ. პასუხისგებაში მიცემულ პირთა შორის არიან მსახიობები – ფელისიტი ჰაფმანი და ლორი ლოულინი. ჰაფმანი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალიდან “სასოწარკვეთილი დიასახლისები”.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალმილიონიანი სქემის ფარგლებში, მშობლები მოტყუებით ცდილობდნენ კოლეჯების სტანდარტებისათვის გვერდის ავლას. როგორც USA TODAY ფედერალური პროკურორებზე დაყრდნობით წერს, სქემაში 50-მდე ადამიანია გარეული. გამოძიების თანახმად, მდიდარი მშობლები, სავარაუდოდ, ქრთამს უხდიდნენ კოლეჯების მწვრთნელებსა და საგამოცდო ცენტრების თანამშრომლებს, რათა თავიანთი შვილების ცნობილ უნივერსიტეტებში მოწყობაში დახმარებოდნენ.

“საუბარია სიმართლის დაფარვასა და გაყალბებაზე – ტესტების ყალბ ქულებზე, ყალბ დამსახურებებზე, ყალბ ფოტოებზე, კოლეჯების მოსყიდულ წარმომადგენლებზე”, –  აღნიშნა მასაჩუსეტსის პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა ბოსტონში, 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რადიო NPR-ს ცნობით, სქემაში ფიგურირებს ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიც არიან სტენფორდი და იელი.

ბრალდებულთა შორის არიან ჰოლივუდის სახეები და ამერიკაში ცნობილი ბიზნესმენები. ლოს ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთა შორის მყოფი მსახიობი ფელისიტი ჰაფმანი $250 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, მსახიობ ლორი ლოულინის ქმარი კი – $1 000 000-იანი გირაოს სანაცვლოდ. თავად ლოულინი, რომელიც ასევე სქემაშია გარეული, ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

New York Times-ის თანახმად, ფინანსური სქემის ცენტრში უილიამ სინგერი დგას – კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც სტუდენტების მშობლებს დოკუმენტების გაყალბებაში ეხმარებოდა და კოლეჯების მწვრთნელებს კონკრტული პირების სასწავლებელში მისაღებად ფულს უხდიდა. ძირითადად საუბარია სპორტული მიმართულებით გაყალბებულ პრივილეგიებში. როგორც წესი, ამერიკული უნივერსიტეტები, გარდა აკადემიური მოსწრებისა, სტუდენტების მიღებისას დიდ ყურადღებას აქცევენ მათ მიღწევებს სპორტისა და ხელოსვნების სფეროებში. მილიონერ მშობლებს სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ ამ მიმართულებით თავიანთი შვილების შედეგების გაყალბება. საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის აუდიოჩანაწერები.

50 ბრალდებულიდან 33 მშობელია. ისინი მზად იყვნენ, 15 000-დან 75 000 დოლარამდე გადაეხადათ თითოეულ ტესტში, რომლის შედეგებიც შემდგომ, მათი შვილების სასარგებლოდ, სხვადასხვა გზით ყალბდებოდა.

გამოძიება ასევე იუწყება, რომ სინგერი მის კლიენტებს შვილების დამსახურებულ სპორტსმენებად წარმოჩენაში ეხმარებოდა.

“ხშირად სინგერი მშობლებს ყალბი ფოტოების დამზადებაში ეხმარებოდა, რომლებშიც ჩანდა, თითქოს მათი შვილები სპორტულ აქტივობებში მონაწილეობდნენ. სინგერი და მისი ასისტენტები იყენებდნენ სურათებს, რომელთაც ინტერნეტიდან იღებდნენ, ზოგჯერ კი, ფოტოშოპის მეშვეობით, ბავშვის სახეს სპორტსმენის ფოტოზე სვამდნენ”, – აცხადებს პროკურორი.

უნივერსიტეტებმა გამოძიების შედეგებს სწრაფად უპასუხეს. ზოგიერთმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ სქემაში ჩართული პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

“ამ საქმის რეალური მსხვერპლები არიან ბეჯითი სტუდენტები, რომლებიც ჩანაცვლდნენ გაცილებით ნაკლებად კვალიფიციური სტუდენტებითა და მათი ოჯახებით, რომელთაც უნივერსიტეტში მოხვედრის გზა უბრალოდ იყიდეს”, – განაცხადა პროკურორმა ლელინგმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან