ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვას პარლამენტში მმკ და სხვები ესწრებიან

4 მარტს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტარები განიხილავენ “ბავშვის უფლებათა კოდექსს”, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას სხვებთან ერთად ესწრებიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები. იქვე იმყოფება ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი.

წინა დღეს, 3 მარტს, თბილისში, გაეროს ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც გურამ ფალავანდიშვილმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ჩაჩუამ თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვეს “ბავშვის უფლებათა კოდექსის” პარლამენტიდან გაწვევა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენელმა, სოფიო კილაძემ დღეს განაცხადა:

“ჩვენ ვიცავთ ბავშვების კეთილდღეობას. მაგრამ ამის კვალდაკვა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ოჯახის სიყვარული და მისი პატივისცემა; ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი სამშობლოს, კულტურის, ტრადიციების პატივისცემა, ერთმანეთის პატივისცემა, ორიენტირება შრომაზე და მოხალისეობაზე და ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრება”.

“ერთ-ერთი ძირითად მიმართულება არის ოჯახის გაძლიერება. ოჯახი განმარტებული გვაქვს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტური ჯგუფი და ბავშვის აღზრდის და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო”, – განაცხადა კილაძემ.


დოკუმენტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. როგორც დეპუტატმა სოფიო კილაძემ პროექტის პრეზენტაციისას განმარტა თებერვალში, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია “გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტური აღსრულება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”. ასევე, “ბავშვის უფლებათა და თავისუფლბათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, სუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა”.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ განმარტა თებერვალში, კანონპროექტი გარკვეული ნაწილები პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა არასამთავრობოების კრიტიკა “დოკუმენტის ზოგადი ხასიათისკენ არის მიმართული”:

“მთავარი კრიტიკა მიემართება იმას, რომ ძალიან დეკლარაციულია კოდექსი. მაღალფარდოვნად საუბრობს პრინციპების დონეზე. მაგალითად, მითითებას აკეთებს გარდამავალ დებულებებში, რომ სხვადასხვა უწყება იმუშავებს ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ დღეს გვიჭირს წარმოვიდგინოთ, როგორ მოხდება ეს და რა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ ის უწყებები, იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური… ბავშვზე ზრუნვა, ძალადობის შემცირება, მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვა როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს – ამ თემებს თუ პასუხი არ მოეძებნა, ეს იქნება კოდექსი, რომელიც ბავშვებს პრაქტიკაში ვერ მოუტანს სარგებელს”, – განაცხადა აბაშიძემ.


მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი 1995 წლიდან არსებობს. ის იმ ტრადიციების შენარჩუნებისთის იბრძვის, რომელიც, მათივე განცხადებით, მართლმადიდებლობას ეფუძნება. საფრთხე, რომელიც კავშირის წევრების აზრით ამ რელიგიას დღეს ემუქრება, დასავლური ღირებულებები, გლობალიზმია. საბოლოო ჯამში კი, მიზანი „ბოლო ჟამისთვის“ მზადება და „ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა“.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა გასულ წლებში მონაწილეობა მიიღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (17 მაისის) აღსანიშნავად გამართულ კონტრაქციებში. ისინი აპროტესტებდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას, 2016 წლის დასაწყისში კი  საჯარო სკოლებთან საგან “მე და საზოგადოებას” საწინააღმდეგო ბიულეტენებს ავრცელებდნენ.

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსის ახალი პროექტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com