ახალი ამბები

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსის ახალი პროექტი

4 თებერვალი, 2019 • 3012
რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსის ახალი პროექტი

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელიც პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დარეგისტრირდება, აერთიანებს საკანონმდებლო ნორმებს, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება.

დოკუმენტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

როგორც დეპუტატი სოფიო კილაძე განმარტავს, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტური აღსრულება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

ასევე, ბავშვის უფლებათა და თავისუფლბათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, სუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

ამ მიზნების მისაღწევად კი დეპუტატი კოდექსის რამდენიმე ასპექტს გამოყოფს, მათ შორის, დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, კილაძის თქმით, გაძლიერდება სახალხო დამცველის ხელთ არსებული მექანიზმები. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უნდა იყოს ორგანო, რომელიც კონკრეტულ დარღვევებს მოიძიებს და მასზე ექნება რეაგირება, მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სასმართლოს მეშვეობითაც.

ამასთან, კანონპროექტის თანაავტორის თქმით, კოდექსში საუბარია სხვადსხვა პროგრამების შექმნის აუცილებლობაზე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ასევე, თვითმმართველობებშიც:

“ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ადგილობრივ თვითმმართვლობებს უნდა გადეცეს გარკვეული უფლებამოსილებები, რა თქმა უნდა, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების მიწოდებით.

რადგან ყველაზე უკეთ სწორედ ადგილობრივმა თვითმმართლეობებმა იციან კონკრეტული ოჯახების და ბავშვების გასაჭირი, ამიტომ, ჩვენ თუ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით დეცენტრალიზაციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბავშვის კეთილდღეობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დავტოვოთ”, – ამბობს კილაძე.

ამასთან, დოკუმენტით ბავშვი დაცულია ძალადობის ყველა ფორმისგან, მათ შორის ფიზიკური დასჯის ან/და დამამცირებელი მოპყრობისგან, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებაში.ის იძლევა ბავშვის წვდომის გარანტიას დაცვის მექანიზმებზე, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე ამბობს, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით ერთ კოდექსში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების თავმოყრა სწორია.

როგორც აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია მრავალი წელია საქართველოს ავალდებულებდა, ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვლილებები შესულიყო, რაც ხორციელდებოდა, თუმცა, არა ამ მასშტაბის:

“არის რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ახალია და ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. მაგალითად, საუბრობდნენ სპეციალიზაციის შემოტანაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში.

ანუ, სპეციალისტები, ადვოკატიდან დაწყებული ნებისმიერი სხვა, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან, იყვნენ სპეციალიზებული და გადამზადებული ბავშვთა საკითხებზე. ამის საჭიროება არსებობს და კანონი თუ ამას მოაწესრიგებს, რასაც გვთავაზობენ, იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი კვალიფიკაციის და მომსახურების ხარისხის ზრდის კუთხით”, – ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, ასევე პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც ბავშვებისთვის უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი:

“არის კიდევ უფასო იურიდიული დახმარება, რომელიც დღეს არ ჰქონდათ ბავშვებს. შემოთავაზება ასეთია, რომ ყველა ბავშვს ექნება უფასო იურიდიული კონსულტაცია და დახმარება, რაც უდავოდ კარგია”, – ამბობს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი.

თუმცა, როგორც ანა აბაშიძე განმარტავს, არასამთავრობოების კრიტიკა დოკუმენტის ზოგადი ხასიათისკენ არის მიმართული:

“ასეთი კონკრეტული დებულებებს ჩვენ, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებთ. მაგრამ მთავარი კრიტიკა მიემართება იმას, რომ ძალიან დეკლარაციულია კოდექსი. მაღალფარდოვნად საუბრობს პრინციპების დონეზე. მაგალითად, მითითებას აკეთებს გარდამავალ დებულებებში, რომ სხვადასხვა უწყება იმუშავებს ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ დღეს გვიჭირს წარმოვიდგინოთ, როგორ მოხდება ეს და რა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ ის უწყებები, იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური. ამიტომ, ამ წუთას ვერც ბოლომდე გვიხარია და ვერც ბოლომდე თავისუფლები ვართ კრიტიკაში”, – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, დოკუმენტი პარლამენტში წარსადგენად მზად არაა და ახლა საჭიროა მცირე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევებზე იმსჯელებს.

“ბავშვზე ზრუნვა, ძალადობის შემცირება, მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვა როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს – ამ თემებს თუ პასუხი არ მოეძებნა, ეს იქნება კოდექსი, რომელიც ბავშვებს პრაქტიკაში ვერ მოუტანს სარგებელს”, – ამბობს აბაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი