ახალი ამბები

ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

26 თებერვალი, 2019 • 1935
ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა. ამის მიზეზად პენიტენციური სამსახური შენობის მძიმე მდგომარეობას ასახელებს, რის გამოც პატიმრებს სასჯელის მოხდა რთულ პირობებში უწევდათ.

უწყების ინფორმაციით, მე-12 პენიტენციური დაწესებულება ამიერიდან რუსთავში იქნება, ხოლო ის 248 პატიმარი, რომლებიც ორთაჭალაში იხდიდნენ სასჯელს, მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, 309 პირზე გათვლილ ახალ კორპუსში გადაიყვანეს.

სამსახური გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ახალი დაწესებულების მოსაწყობად, სადაც მე-12 დაწესებულებიდან პატიმრები გადაიყვენეს, სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და ჩატარდა შენობის რეაბილიტაცია.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მე-16 დაწესებულებაში დამონტაჟდა 132 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, კეთილმოეწყო დაწესებულების სასადილო, რომელიც თანამედროვე აპარატურით, შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა. ასევე  მოეწყო სამი საგამოძიებო ოთახი, ასევე ყველა ოთახი შესაბამისი საოფისე და სხვა ინვენტარით აღიჭურვა. მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილ საერთო სივრცეებში კი დამონტაჟდა ტელევიზორები.

რაც შეეხება მე-12 დაწესებულებას, უწყება ამბობს, რომ შენობა ბარაკული ტიპის იყო, საკნების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საპირფარეშო, არ არსებობდა სასადილო,  რის გამოც პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაცია შენობაში სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. სამედიცინო ნაწილი ორ ოთახში იყო განთავსებული, რის გამოც მედპერსონალი მსჯავრდებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა და პაემნების ოთახები.

რაც შეეხება რუსთავში მდებარე შენობას, რომელშიც ახლა  მე-12 დაწესებულება განთავსდა, პენიტენციური სამსახურის ცნობით,  ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.

“დაწესებულება არის დახურული და ნახევრად ღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება. დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული მოედანი, სავარჯიშო მოედანი.

ცალკე შენობაშია განთავსებული სამედიცინო ნაწილი, რომელშიც ფუნქციონირებს აფთიაქი, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთახი, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, ულტრასონოგრაფია და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ასევე უახლოეს მომავალში მოეწყობა რენტგენის ოთახი და დამონტაჟდება ცენტრალური სასტერილიზაციო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. ვინაიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ციხეების მშენებლობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პენიტენციურ დაწესებულებებში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის სათანადო სივრცის შექმნას.

შესაბამისად, მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე იქნება განთავსებული სპეციალური სივრცეები რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროგრამებისთვის (რაც დაწესებულების ძველ შენობაში საერთოდ არ არსებობდა), ასევე- 100 კვ/მ ფართობის ბიბლიოთეკა. მოწყობილი იქნება სპეციალური სივრცეები სხვადასხვა სახის ინდივიდუალური საქმიანობისთვის (ხეზე კვეთა და ა.შ.).,” – წერია სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი