ახალი ამბები

ცნობილი ხდება, როგორ მოახერხეს პატიმრებმა კლინიკიდან გაქცევა, პროკურატურის თანახმად

3 ნოემბერი, 2023 • 11644
ცნობილი ხდება, როგორ მოახერხეს პატიმრებმა კლინიკიდან გაქცევა, პროკურატურის თანახმად

ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეს პროკურატურა 3 ნოემბერს დილით გამოეხმაურა.  წინა დღით დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარედგინა.

“ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ”, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმრები N15 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, “ავერსის” კლინიკაში გამოკვლევის მიზნით 1 ნოემბერს პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა გადაიყვანა. საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხის პირველი ნაწილით წარუდგინეს. ეს გულისხმობს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დაუდევარი დამოკიდებულების გამო დარღვევას, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი