ახალი ამბები

75 წელი საბჭოთა რეჟიმის მიერ ვაინახებისთვის მოწყობილი ტრაგედიიდან

23 თებერვალი, 2019 • 2287
75 წელი საბჭოთა რეჟიმის მიერ ვაინახებისთვის მოწყობილი ტრაგედიიდან

75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1944 წელს ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად, ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ბრძანებით ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. წინასწარ ორგანიზებული ოპერაცია “ჩეჩევიცას” შედეგად, რომელმაც 1 კვირას გასტანა, მრავალი ჩეჩენი და ინგუში დაიღუპა. მსხვერპლი იყო როგორც გადასახლების პროცესში, ისე მომდევნო პერიოდის მანძილზე.

საბაბი, რომელიც საბჭოეთმა ვაინახთა დასასჯელად გამოიყენა, იყო რეჟიმის ბრალდება მათი გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის შესახებ – იმ ნაცისტებთან, რომელთაც ჩეჩნეთ–ინგუშეთის საზღვრებამდე არც კი მიუღწევიათ. ისტორიკოს მაირბეკ ვაჩაგაევის სიტყვებით, “ჩეჩნები არათუ ვერ ითანამშრომლებდნენ გერმანელებთან, არამედ ნანახიც კი არ ჰყავდათ ისინი”.

საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებულ ამ ოპერაციაზე “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების დოქტორის, ბულატ ბეთალგირის სტატიას აქვეყნებს. მასალა მოიცავს როგორც პროცესის მიმდინარეობას, ისე მის წინაპირობებსა და შედეგებს.

ვაინახების დეპორტაციის დაწყების თარიღად 23 თებერვალს მიიჩნევენ, დასასრულისას კი – 9 მარტს. თუმცა, მასალის ავტორს მოჰყავს ცნობები, რომელთა მიხედვითაც პროცესისათვის მზადება და საბჭოთა ჯარისკაცების მობილიზება ჩეჩნეთ-ინგუშეთში, გაცილებით ადრე დაიწყო.

“…1943 წლის დასაწყისში შეწყდა [II მსოფლიო ომის] ფრონტზე ჩეჩნებისა და ინგუშების მობილიზაცია, აბსურდული და, როგორც შემდეგში გამოირკვა, სრულიად თვალთმაქცური მოტივით – მცირერიცხოვანი ერების გადარჩენისა და ვაინახების მიერ არმიაში ღორის ხორცით კვებაზე უარის თქმის გამო.

1943 წლის ოქტომბრიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთში დაიწყო შინსახკომის ჯარების ნაწილების განთავსება, რომლებიც ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაში იყვნენ ჩაცმული. მათ ანაწილებდნენ ვაინახების სახლებში. ჩეჩნები და ინგუშები „სამხედროებს“ თბილად შეხვდნენ, რადგანაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი ფრონტიდან მოხსნილი, ზურგში დასასვენებლად გაგზავნილი ნაწილები იყვნენ”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორის თანახმად, ვაინახების დეპორტაციის ოპერაციისთვის საბჭოთა მმართველობა უპრეცენდენტოდ მოემზადა: ლავრენტი ბერია, რომელიც ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა, გროზნოში სამ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 19 000-მდე ოპერატიული მუშაკი და 100 000–მდე სამხედრო მოსამსახურე, ასევე კონტრდაზვერვის შემადგენლობა.

უშუალოდ გადასახლების პროცესი 23 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 02:00-ზე დაიწყო. ავტორის თანახმად, შინსახკომის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს დასახლებულ პუნქტებს, გათიშეს კომუნიკაცია, დილის 5 საათზე კი კაცები სასოფლო საბჭოებში შეკრიბეს თითქოსდა წითელი არმიის დღის აღსანიშნავად. რეალურად, მათ საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილება გააცნეს. 1 საათში  ჯარის ნაწილები სახლებში შევიდნენ და მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა დაიწყეს.

“მოსახლეობას ოჯახური თათბირისთვის მხოლოდ 10 წუთი ეძლეოდათ. შემდეგ ხალხს შესაკრებ პუნქტებში ერეკებოდნენ, ტვირთავდნენ „სტუდებეკერებში“ (ამერიკული სატვირთო მანქანები, რომლებიც საბჭოელებს ნაცისტების წინააღმდეგ საბრძოლველად გადაეცათ „ლენდ-ლიზით“) და გადაჰყავდათ რკინიგზის სადგურებზე, სადაც საბარგო ვაგონებში ტვირთავდნენ და შუა აზიისაკენ უშვებდნენ. 23 თებერვლის საღამოსათვის ჩრდილო-კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი თითქმის სრულად იყო დეპორტირებული ან გადასახლების პროცესში იმყოფებოდა”, – წერს ბულატ ბეთალგირი.

ვაგონებში არსებული სიმჭიდროვის გამო, ადამიანების დიდ ნაწილს ფეხზე დგომა უწევდა. სტატიის თანახმად, გადასახლებულებს საქონლისთვის განკუთვნილ ვაგონებში, სიცივესა და შიმშილში რამდენიმე კვირის გატარება მოუწიათ.

ბერიას მიერ სტალინისათვის წარდგენილი საბოლოო ინფორმაციის თანახმად, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, 1944 წლის თებერვალ-მარტში ყირგიზეთისა და ყაზახეთის სსრ-ებში ჩრდილოეთ კავკასიიდან 602 193 ადამიანი გადაასახლეს. აქედან ჩეჩენი და ინგუში იყო 496 460. ალტერნატიული მონაცემით, საერთო რიცხვი 650 000-ს აღწევს.

“13 წლის განმავლობაში შუა აზიაში 300 000-ზე მეტი ვაინახი დაიღუპა – თითქმის ყოველი მეორე გადასახლებული, ანუ ერმა თავისი 50% იძულებითი დეპორტაციუს დროს 1944-1957 წლებში დაკარგა”, – გვაუწყებს ავტორი.

სტატიაში გვხვდება კონკრეტული ცნობები, რომელთა მიხედვითაც დეპორტაციის დროს შინსახკომის წარმომადგენლები ადამიანებს მიზანმიმართულად, მასობრივად ხოცავდნენ. მკვლელობის მეთოდები ერთიმეორეზე სასტიკია: გალანჩოჟის რაიონის სოფელ ჰაიბახში, პოლკოვნიკ მიხეილ გვიშიანის ზედამხედველობით, საჯინობოში ცოცხლად გამოწვეს 705 ადამიანი; ამავე რაიონის სხვა რამდენიმე სოფელში დახვრიტეს და ხიშტებით დასერეს 600–მდე ქალი და ბავშვი, რომელთა ცხედრები, შემდგომ, ტბაში ჩაყარეს; ურუს–მარტანის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში კი 72 ადამიანი ცოცხლად დამარხეს. მსგავსი ფაქტები კიდევ არაერთია. შინსახკომი განსაკუთრებით იმ ადამიანებს უსწორდებოდა, რომელთაც ასაკისა თუ ავადმყოფობის გამო გადაადგილება არ შეეძლოთ. ეს მათთვის ზედმეტი ტვირთი იყო.

ავტორის თანახმად, დეპორტაციის მხოლოდ ერთი მიზეზი არ მოიძებნება. ის გვთავაზობს ისტორიკოსის, ეროვნებით ჩეჩენი აბდურახმან ავტოხანოვის ორ ვერსიას:

    • მოსკოვის მისწრაფება, მაქსიმალურად დაეცვა კავკასიის ნავთობით მდიდარი რეგიონები, როგორც საიმედო გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული ზურგი ნაცისტურ გერმანიასთან ომისა და დასავლეთთან სამომავლო დაპირისპირების გამო.
    • გამაგრებული პლაცდარმის შექმნა კავკასიაში, სამომავლო შეიარაღებული თავდასხმისათვის მუსლიმურ თურქეთსა და ირანზე. კავკასიელები კი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მათთან რელიგიურად იყვნენ დაკავშირებულნი, კომუნისტების აღმოსავლური ექსპანსიის გეგმებში სერიოზულ პრობლემად ითვლებოდნენ.

მაშინდელი ჩეჩნეთ–ინგუშეთის ასსრ საბჭოთა რეჟიმმა ნაწილებად დაშალა და საქართველოს სსრ–ს, დაღესტნის ასსრ–სა და ჩრდილო–ოსეთის ასსრ–ზე გადაანაწილა. ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ მხოლოდ 1957 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის დროს აღდგა. ამავე პერიოდში მოხდა ვაინახთა რეაბილიტაციაც, ნაცისტებთან თანამშრომლობის საბაბით ერების მასობრივი დეპორტაცია კი  ხრუშჩოვმა თავისი ცნობილი “საიდუმლო მოხსენებით” დაგმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი