ახალი ამბები

100 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროები დახვრიტა

22 მაისი, 2023 • 1090
100 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროები დახვრიტა

100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა დახვრიტა ქართველი სამხედრო პირები, რომლებიც ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდნენ.

ეს მოხდა საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოებიდან 2 წლის შემდეგ, 1923 წელს, როცა საოკუპაციო რეჟიმმა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელთა დაპატიმრება მოახერხა.

“1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშალა. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ, ლეგიტიმურ მთავრობასთან კოორდინაციაში მოქმედი მოძრაობის მიზანს საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადება და ქვეყნის დეოკუპაცია შეადგენდა.

აჯანყების უშუალო დაგეგმარება და წარმართვა ევალებოდა პროფესიონალი სამხედროებისგან შემდგარ სამხედრო ცენტრს.

1923 წელს საოკუპაციო რეჟიმმა შეძლო სამხედრო ცენტრის წევრთა დაპატიმრება. ქართული სამხედრო კლასის საუკეთესო წარმომადგენლები, მათ შორის სამი გენერალი, 1923 წლის 21 მაისს სიკვდილით დასაჯეს”, — წერს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”(Sovlab).

ერთ-ერთი დახვრეტილის, იასონ კერესელიძის ძმა დასძენს:

“ერთი სიტყვით, ქართველ ერს ამისთანა გასაჭირი არ ჰქონია. უწინ ყოველ ჩვენს მტერს ზნეობის რაიმე პრინციპი ჰქონდა ხოლმე (სარწმუნოება, სოციალური ზნეობა და სხვა) ამ მყრალ რუსს კი სიბილწის მეტი არა აქვავია რა და ამიტომ საშიშია ყოველი დღე მისი ჩვენში ყოფნისა”.

Sovlab-ის თანახმად:

სასიკვდილო განაჩენის მოსმენის შემდეგ, პოლკოვნიკმა ალექსანდრე მაჭავარიანმა ოკუპანტთა „სასამართლოს“ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“

გენერალ კონსტანტინე აფხაზის ბოლო სიტყვები კი იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“

როგორც “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” აღნიშავს, 1923 წლის 21 მაისს დახვრეტილ ოფიცერთა საძმო სამარხის რეალური ადგილმდებარეობა უცნობია. კოლექტიურ მეხსიერებაში დამკვიდრდა წარმოდგენა, რომ ეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ამჟამად მემორიალია აღმართული.

მათი სახელებია:

  1. გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
  2. გენერალ-მაიორი ვარდენ წულუკიძე
  3. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
  4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
  5. გენერალი კონსტანტინე აფხაზი
  6. უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ ზანდუკელი
  7. როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი
  8. როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი
  9. იასონ კერესელიძე
  10. სამხედრო ექიმი ივანე ქუთათელაძე
  11. სიმონ ჭიაბრიშვილი
  12. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი
  13. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი
  14. ლეიტენანტი ლევან კლიმიაშვილი
  15. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი

გარეკანის ფოტოები ამოღებულია IDFI-ს სტატიიდან, რომელიც 1921 წელს დახვრეტილ სამხედრო პირებს ეხება

მასალების გადაბეჭდვის წესი